ღირსი პეტრე VIII საუკუნის დასასრულს დაიბადა კონსტანტინოპოლში. იმპერატორ ნიკიფორეს (802-811) ზეობისას იგი მხედართმთავრად დანიშნეს და ბულგარეთის წინააღმდეგ ბერძენთა ლაშქრობებში იღებდა მონაწილეობას. ერთ-ერთ ბრძოლაში ბერძნები დამარცხდნენ. იმპერატორი სასიკვდილოდ დაიჭრა, პეტრე კი, მრავალ სხვა მეომართან ერთად, ტყვედ ჩავარდა. ერთხელ, ღამით, ლოცვის დროს, მას გამოეცხადა წმიდა მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი და ტყვეობიდან დაიხსნა. კონსტანტინოპოლში დაბრუნებულმა პეტრემ გადაწყვიტა, განრიდებოდა ამაოებით სავსე წუთისოფელს, ოლიმპის მთაზე (მცირე აზია) მდებარე მონასტერს მიაშურა და ბერად აღიკვეცა. აქ მან ოცდათოთხმეტი წელი დაჰყო იოანიკე დიდის (ხს. 4 ნოემბერს) ხელმძღვანელობით. წმიდანი მკაცრად მარხულობდა, ლოცვაში ათენებდა ღამეებს, უხეშ, ჯვალოს სამოსს ატარებდა, უხამლოდ დადიოდა... უკანასკნელი რვა წელი მან კონსტანტინოპოლში გაატარა, სადაც წმიდა ევანდრეს სახელობის ტაძარი და მონასტერი ააგო.
ღირსი პეტრე სამოცდაათი წლის ასაკში გარდაიცვალა (+854) და თავისსავე სავანეში დაკრძალეს.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.