რომ. 88 დას. V, 1-10
აწ უკუე განმართლებულ ვართ სარწმუნოებითა, და მშჳდობაჲ გუაქუს ღმრთისა მიმართ უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესა, რომლისაგანცა მოუჴედით სარწმუნოებითა მადლსა ამას, რომლითაცა ვდგათ და ვიქადით სასოებითა დიდებისა ღმრთისაჲთა. არა ხოლო ესე, არამედ ვიქადითცა ჭირთა შინა, უწყით, რამეთუ ჭირი მოთმინებასა შეიქმს, ხოლო მოთმინებაჲ – გამოცდილებასა, ხოლო გამოცდილებაჲ – სასოებასა. ხოლო სასოებამან არა არცხჳნის, რამეთუ სიყუარული ღმრთისაჲ განფენილ არს გულთა შინა ჩუენთა სულითა წმიდითა, რომელი-იგი მოცემულ არს ჩუენდა. რამეთუ ქრისტე, ვიდრე-იგი ჩუენ უძლურ-ღა ვიყვენით, ჟამსა ოდენ უღმრთოთათჳს მოკუდა. რამეთუ ძნიად ვინმე მართლისათჳს მოკუდის, ხოლო კეთილისათჳს, ვინ უწყის, ნუუკუე და იკადრისცა ვინმე სიკუდილი. ხოლო გამოაცხადა თჳსი იგი სიყუარული ჩუენდა მომართ ღმერთმან, რამეთუ ვიდრე-იგი ცოდვილ-ღა ვიყვენით, ქრისტე ჩუენთჳს მოკუდა. რაოდენ უკუე უფროჲს აწ, განმართლებულ რაჲ ვართ სისხლითა მისითა, განვერნეთ ჩუენ მის მიერ რისხვისაგან! უკუეთუ მტერ რაჲ ვიყვენით, დავეგენით ღმერთსა სიკუდილითა ძისა მისისაჲთა, რაოდენ უფროჲს აწ, და-რა-ვეგენით, ვცხონდეთ მაცხოვარებითა მისითა!
მთ. 18 დას. VI, 22-33
სანთელი გუამისაჲ არს თუალი. უკუეთუ თუალი შენი განმარტებულ იყოს, ყოველი გუამი შენი ნათელ იყოს. უკუეთუ თუალი შენი ბოროტ იყოს, ყოველი გუამი შენი ბნელ იყოს. უკუეთუ ნათელი იგი შენ შორის ბნელ არს, ბნელი იგი რაოდენ-მე? ვერვის ჴელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად: ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხუაჲ იგი შეიყუაროს, ანუ ერთისაჲ მის თავს-იდვას და ერთი იგი შეურაცხ-ყოს. ვერ ჴელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაჲსა. ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ნუ ჰზრუნავთ სულისა თქუენისათჳს, რაჲ სჭამოთ და რაჲ ჰსუათ; ნუცა ჴორცთა თქუენთათჳს, რაჲ შეიმოსოთ. ანუ არა სული უფროჲს არს საზრდელისა და გუამი – სამოსლისა? მიჰხედენით მფრინველთა ცისათა, რამეთუ არა სთესვენ, არცა მკიან, არცა შეიკრებენ საუნჯეთა, და მამაჲ თქუენი ზეცათაჲ ზრდის მათ. არა-მე უფროჲს თქუენ უმჯობეს ხართა მფრინველთა? ანუ ვინ-მე თქუენგანი ზრუნვიდეს და შეუძლოს შეძინებად ჰასაკსა თჳსსა წყრთა ერთ? და სამოსლისათჳს რაჲსა ჰზრუნავთ? განიცადენით შროშანნი ველისანი, ვითარ-იგი აღორძნდის! არა შურებინ, არცა სთავნ. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ არცაღა სოლომონ ყოველსა მას დიდებასა მისსა შეიმოსა, ვითარცა ერთი ამათგანი. უკუეთუ თივაჲ იგი ველისაჲ, რომელი დღეს არს და ხვალე თორნესა შთაეგზნის, ღმერთმან ესრეთ შემოსის, არა-მე უფროჲს თქუენა, მცირედ-მორწმუნენო? ნუ ჰზრუნავთ და იტყჳთ, რაჲ ვჭამოთ, ანუ რაჲ ვსუათ, ანუ რაჲ შევიმოსოთ? რამეთუ ამას ყოველსა წარმართნი ეძიებენ, რამეთუ იცის მამამან თქუენმან, რაჲ გიჴმს ამათ ყოველთაგანი. ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ.