დადება პატიოსნისა სამოსლისა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა ვლაქერნას. ბიზანტიაში ლეონ დიდის, მაკედონელის (457-474) ზეობისას მეფესთან დაახლოებული პირები, ძმები გალბიუსი და კანდიდე კონსტანტინოპოლიდან პალესტინაში გაემგზავრნენ წმიდა ადგილების მოსალოცად. ნაზარეთის მახლობლად მდებარე პატარა სოფელში ისინი ერთ მოხუც ქალთან დარჩნენ ღამის გასათევად. სახლში სტუმრების ყურადღება ანთებულმა სანთლებმა და საკმევლის სურნელებამ მიიპყრო. კითხვაზე, თუ რა სიწმინდე ინახებოდა მასთან, მასპინძელს დიდხანს არ სურდა პასუხის გაცემა, მაგრამ ძმებმა დაიჟინეს და ქალიც იძულებული გახდა, გაემხილა, რომ იგი იცავდა ძვირფას სიწმინდეს - ღვთისმშობლის სამოსელს, რომლისგანაც მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა.
ყოვლადწმიდა ქალწულმა მიძინების წინ ერთი თავისი შესამოსელთაგანი ამ ტომის კეთილმსახურ ებრაელ ქალწულს აჩუქა და სთხოვა, რომ სიკვდილის მოახლოებისას ის სხვისთვის, ქალწულისათვისვე გადაებარებინა. ასე, თაობიდან თაობას გადაეცემოდა სიწმინდე ამ ოჯახში. ძვირფასი კიდობანი წმინდა სამოსლით კონსტანტინოპოლში გადაასვენეს. პატრიარქი გენადი (+471; ხს. 31 აგვისტოს) და იმპერატორი ლეონი კრძალვით მიეახლნენ და ეამბორნენ მას. ვლაქერნაში, ზღვის სანაპიროზე, ღვთისმშობლის პატივსაცემად ახალი ეკლესია ააგეს. 458 წლის 2 ივლისს წმიდა გენადი კონსტანტინოპოლელმა ახალ კიდობანში ჩაბრძანებული სიწმინდე შესაფერი პატივით გადაასვენა ამ ტაძარში. შემდგომში ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის კიდობანში ჩააბრძანეს მისი წმიდა ომოფორი და სარტყლის ნაწილი. დღესასწაული აერთიანებს ორ მოვლენას: ღვთისმშობლის სამოსლისა და მისივე სარტყლის დადებას ვლაქერნაში.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.