წმიდა მოწამე იაკინთე კესარიის კაბადოკიაში მცხოვრებ მართლმორწმუნეთა ოჯახში აღიზარდა. იგი რომის იმპერატორ ტრაიანეს (98-117) კარზე მსახურობდა.
ერთხელ იაკინთე ოთახში გამოკეტილი, მხურვალედ ლოცულობდა. ლოცვის სიტყვები ერთმა მსახურმა გაიგონა და ჭაბუკი ტრაიანესთან დაასმინა: მეფის ბრძანებას არ ასრულებს, რომაულ ღვთაებებს არ ეთაყვანება და ქრისტეს მიმართ ფარულად ლოცულობსო.
წმიდანი შეიპყრეს და იმპერატორს მიჰგვარეს. უსჯულო თვითმპყრობელმა ნაკერპავი ხორცი შესთავაზა უფლის რჩეულს, მან კი მტკიცე უარი განაცხადა და მხნედ აღიარა თავისი სარწმუნოება. ტრაიანეს ბრძანებით აღმსარებელი სასტიკად აწამეს, შემდეგ კი საპყრობილეში გამოამწყვდიეს. აქ მარტვილს შიმშილითა და წყურვილით ტანჯავდნენ და ნაკერპავის ჭამას აიძულებდნენ. 38-ე დღეს ერთმა მცველმა, რომელიც ნაკერპავით შედიოდა წმინდანთან, იხილა, თუ როგორ მიეახლნენ მას უფლის ანგელოზები, ნათლის სამოსლით შემოსეს და გვირგვინით შეამკეს.
მტარვალებმა გადაწყვიტეს, კვლავ სამსჯავროზე გაეყვანათ იაკინთე, მაგრამ საკანში შესულებმა იხილეს, რომ მას უკვე სული უფლისთვის შეევედრებინა. წმიდა მოწამე ოცი წლის ასაკში აღესრულა ქალაქ რომში (+108). მისი წმიდა ნაწილები მოგვიანებით კესარიაში გადაასვენეს.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.