ღირსი სერგი რადონეჟელი როსტოვის მახლობლად, სოფელ ვარნიცაში მცხოვრები კეთილმსახური ბოიარების, კირილესა და მარიამის ოჯახში დაიბადა 1314 წლის 3 მაისს. მისი ღვთივრჩეულობა ადრევე გაცხადდა: ჯერ კიდევ შვილის შობამდე საღვთო ლიტურგიის დროს დედამ და მთელმა ერმა ცხადად გაიგონეს ჩვილის სამგზისი წამოძახილი მშობლის საშოში. ახალშობილს ბართლომე დაარქვეს. ყრმამ სიცოცხლის პირველივე დღეებიდან ყველა გააოცა თავისი მარხვით: ოთხშაბათს და პარასკევს დედის რძეს არ ეკარებოდა. ბავშვი არც მაშინ იღებდა დედისგან საკვებს, თუ მას ხორცი ჰქონდა ნაჭამი. როცა ეს შეამჩნია, მარიამმა საერთოდ აღიკვეთა ხორცეულის მიღება. წმიდანი შვიდი წლის იყო, როცა სასწავლებლად მიაბარეს. მას მთელი არსებით სწყუროდა სწავლა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა: შეწუხებული ყრმა დაუცხრომლად ევედრებოდა უფალს, გონება გაეხსნა მისთვის. ერთხელ მამამ ბართლომე ცხენების საძებნელად მინდორში გაგზავნა. გზად, მუხის ქვეშ მან ლოცვად დამდგარი უცნობი მღვდელ-მონაზონი შენიშნა, მიუახლოვდა, ქედი დადრიკა და მორჩილებით დაუწყო ლოდინი მოხუცის ლოცვის დამთავრებას. ბერმა აკურთხა ბავშვი, აკოცა და ჰკითხა, რა გასჭირვებოდა. ბართლომემ გაუმხილა თავისი სატკივარი - წერა-კითხვას ვერ ვსწავლობო და შეევედრა, უფლისგან შემწეობა გამოეთხოვა მისთვის. უცნობმა ბავშვს თხოვნა შეუსრულა - ილოცა, შემდეგ კი ჯვარი გადასახა და სანაწილიდან ამოღებული სეფისკვერის ნატეხი გაუწოდა: „გამომართვი, შვილო, და მიიღე. ეს ღვთის მადლის ნიშნად და წმიდა წერილის გულისხმისაყოფად გეძლევა“. ამ დღიდან ყრმამ წერა-კითხვაც ისწავლა და წაკითხულის საოცარი ანალიზის უნარიც მიემადლა. იგი თავს არიდებდა ბავშვურ გართობებსა და თამაშობებს, გულმოდგინედ ლოცულობდა და მკაცრად მარხულობდა, თავმდაბალი, სიტყვაძვირი, მშვიდი და ალერსიანი ყრმა მშობლების ნების უსიტყვო აღმსრულებელიც იყო...
დაახლოებით 1328 წელს მომავალი წმიდანის დედ-მამა რადონეჟში გადასახლდა. როცა უფროსი ვაჟიშვილები დაოჯახდნენ, ღირსმა კირილემ და მარიამმა (ხს. 18 იანვარს და 28 სექტემბერს) ხოტკოვის ღვთისმშობლის საფარველის სახელობის სავანეში სქიმა შეიმოსეს და მალე უფლისთვის სათნო ღვაწლში მიიცვალნენ. ამის შემდგომ ბართლომემ დაუტევა ეს სოფელი და დაქვრივებულ, შემდეგ კი ბერად შემდგარ უფროს ძმასთან, სტეფანესთან ერთად რადონეჟისგან ათი ვერსის დაშორებით, მდინარე კონჩურასთან დამკვიდრდა. ძმებმა ტყე გაკაფეს, საკუთარი ხელით მოიწყვეს სენაკები და ააგეს მცირე ტაძარი, რომელიც ყოვლადწმიდა სამების სახელზე ეკურთხა. ასე ჩაეყარა საფუძველი წმიდა სერგის სახელგანთქმულ ლავრას. სტეფანემ ვერ გაუძლო განდეგილობის სიმძიმეს და მოსკოვის ღვთის განცხადების სავანეს მიაშურა, მარტო დარჩენილი ბართლომე კი 1337 წლის 7 ოქტომბერს ბერად აღიკვეცა სერგის სახელით.
ღირსმა მამამ კიდევ უფრო გაამკაცრა ღვაწლი: წმიდანის სენაკის წინ ხშირად დაძრწოდნენ გარეული მხეცები, მაგრამ ნეტარს არაფერს ვნებდნენ. ერთხელ ღირსმა სერგიმ დამშეულ დათვს პური აჭამა, რის შემდეგაც მხეცი ხშირად აკითხავდა ხოლმე. განდეგილი პურის უკანასკნელ ნატეხს უყოფდა მას, ზოგჯერ მთლიანადაც უთმობდა, თვითონ კი მშიერი რჩებოდა. ორი წელი დაჰყო წმიდა მამამ სრულიად მარტოდმარტო, შემდგომ კი, თანდათან მის ირგვლივ ბერული ცხოვრების მსურველებიც შეიკრიბნენ. ერთხელ, როცა ნეტარი, ღამით, სენაკში ლოცვად დამდგარი, უფალს ავედრებდა თავის საძმოს, გაისმა ხმა: „სერგი“! გაკვირვებულმა წმიდანმა პირჯვარი გადაისახა, სარკმელი გამოაღო და თვალისმომჭრელი ნათლის ფონზე იხილა მშვენიერ ფრინველთა სიმრავლე, რომელთაც გადაეფარათ ლავრა და მისი შემოგარენი. ზეგარდმო ხმამ განაგრძო: „სერგი, ამ ფრინველებივით გაგიმრავლდება სულიერი შვილები და ამ ფრთოსანთა მშვენებასავით მრავალფერი და საკვირველი იქნება მათი სათნოებანი“. 1354 წელს, ხანგრძლივი და მხურვალე ვედრების შემდეგ, სავანის ბერებმა წმიდანი წინამძღვრობაზე დაითანხმეს. ვოლინელმა ეპისკოპოსმა ათანასემ მღვდელ-მონაზვნად დაასხა მას ხელი და იღუმენად დაადგინა. ახოვანი მოსაგრე ბრძნულად განაგებდა მონასტერს; არა მარტო სიტყვით, საქმითაც კეთილმსახურების მაგალითს აძლევდა ძმებს: შეშას ჩეხდა, წყალს ეზიდებოდა, სეფისკვერს აცხობდა და ყოველთვის ძალიან ღარიბულად ეცვა. იღუმენი ყველაზე მეტს მუშაობდა, მაგრამ იმასაც ახერხებდა, რომ ყველას შესწეოდა გასაჭირის ჟამს. წმიდანის მოწაფის, ეპიფანეს სიტყვებით, ღირსი სერგი „ყველაფერში პირველიც იყო და უკანასკნელიც, მას ვერავინ შეედრებოდა“. ახალდაარსებულ მონასტერს მატერიალურად ძლიერ უჭირდა: ღვთისმსახურება არყის კვარის შუქზე აღესრულებოდა, ძმები ხის ბარძიმიდან ეზიარებოდნენ. ხდებოდა, რომ მთელი საძმო პურის ნატეხის გარეშე რჩებოდა და შიმშილობის მძიმე ჟამი დგებოდა, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც კი, ყოვლადძლიერი და ყოვლადსახიერი ღვთისადმი სასოება რომ დაენერგა სულიერ შვილებში, ნეტარი სერგი მკაცრად უკრძალავდა მათ სავანიდან გასვლას მონასტრისთვის მოწყალების ჩამოსათხოვად. სავანის ბერებს არანაირი პირადი საკუთრება არ გააჩნდათ: ყველაფერს, საჭიროებისამებრ, საძმოს საერთო ქონებიდან იღებდნენ და სამონასტრო სამუშაოებშიც თანაბრად მონაწილეობდნენ.
ნეტარი სერგისა და მისი ძმების სიწმიდით გაბრწყინებულმა ცხოვრებამ თანდათან მიიპყრო თანამედროვეთა ყურადღება და მალე ლავრამ მთელს რუსეთში გაითქვა სახელი. წმიდანის სულიერ შვილთაგან ბევრი ბოიარი და თავადი მონასტერს თავისი ქონების ნაწილს სწირავდა, რამაც შესაძლებელი გახადა ახალი, უფრო დიდი ტაძრის აშენება. სავანის სახსრები იზრდებოდა, მაგრამ წმიდა სერგი და მისი ძმები კვლავ ძველებურ სიღატაკეში ცხოვრობდნენ. მდიდარ შემოწირულობებს იღუმენი საქველმოქმედო საქმეებს ახმარდა. განსაკუთრებულ მამობრივ სიყვარულს იჩენდა იგი ობოლთა, გლახაკთა, უპოვართა და მონასტერს შემოვედრებულ მწირთა მიმართ. შიმშილობების ჟამს წმიდანი აღებდა სავანის ბეღლებს და უხვად ურიგებდა ხორბალს დამშეულებს... ნეტარ ალექსის, მოსკოველ მიტროპოლიტს სურდა, სიკვდილის წინ მღვდელმთავრის ტახტი ღირსი სერგისთვის გადაებარებინა, მაგრამ წმიდანმა მტკიცე უარი განაცხადა.
წმიდა ცხოვრებისა და დაუცხრომელი ღვაწლისათვის ნეტარი სერგი უფალმა განჭვრეტისა და სასწაულთქმედების ნიჭით დააჯილდოვა. წინასწარმცნობელმა მამამ ურდოსთან ბრძოლის წინ აკურთხა კეთილმსახური მთავარი დიმიტრი დონელი (ხს. 19 მაისს) მთელი რუსული მხედრობით და თათრებზე გამარჯვება უწინასწარმეტყველა.
სიკვდილის წინ წმიდა მამა ღირსი შეიქნა ღვთისმშობლის სასწაულებრივი გამოცხადებისა. ზეციური ნათლით გაბრწყინებული ყოვლადწმიდა ქალწული წმიდა მოციქულების, პეტრესა და იოანე ღვთისმეტყველის თანხლებით წარმოუდგა ნეტარს თავის სენაკში და მისი დაარსებული სავანის აყვავება აღუთქვა. წმიდა სერგიმ 1392 წლის 25 სექტემბერს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. მისი ცხედარი სავანის ტაძრის სამხრეთ კედელთან, საკურთხევლის მახლობლად დაკრძალეს.
1408 წელს, როცა მოსკოვი და მისი შემოგარენი თათართა ურდოებმა მოაოხრეს, წმიდა სამების ლავრაც დაიწვა და დაცარიელდა. უსჯულოთა მოსალოდნელი თავდასხმის წინა ღამეს ღირსი სერგი ეჩვენა თავის მოწაფესა და მემკვიდრეს - იღუმენ ნიკონს, აუწყა მოსალოდნელი უბედურების შესახებ და თან დაამშვიდა - განსაცდელი დროებითია, სავანე აღდგება, კიდევ უფრო აყვავდება და აღორძინდებაო. შემდგომ, წმიდა სამების ახალი ტაძრის მშენებლობის დაწყებამდე ნეტარი მამა ერთ კეთილმსახურ ერისკაცს ეჩვენა და უბრძანა, ძმებისთვის ეუწყებინა: „რატომ მაჩერებთ ამდენი ხანი კუბოში, სადაც მიწა მფარავს და წყალი მაწუხებს“. ეკლესიის საძირკვლის გათხრისას მუშები გადააწყდნენ წმიდანის ლუსკუმას, რომლის ირგვლივ, მართლაც, წყალი იდგა.
1422 წლის 5 ივლისს მღვდელმსახურთა დასის, დიდებულებისა და ხალხის სიმრავლის თანდასწრებით პატივით ამოასვენეს ნეტარი მამის ნაწილები. როცა კუბო გახსნეს, საოცარი კეთილსურნელება იფრქვეოდა ირგვლივ - არა მარტო ცხედარს, სერგი რადონეჟელის სამოსელსაც კი არ დასტყობოდა გახრწნის კვალი.
წმიდა ეკლესია ღირსი სერგის - უფლის სათნომყოფელი ახოვანი მოსაგრისა და მონღოლთაგან გავერანებულ რუსეთში მონასტრული ცხოვრების ამაღორძინებლის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღასრულებს: 5 ივლისს - წმიდანის ნაწილთა აღმოყვანებისა და 25 სექტემბერს - მისი მიცვალების დღეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.