წმიდა მოწამენი მარინი, მართა, ავდიფაქსი, ამბაკუმი, კვირინე, ვალენტინე ხუცესი, ასტერიოსი და სხვა მრავალნი, რომში წამებულნი. იმპერატორ კლავდიუს II-ის (268-270) მეფობაში წმიდა მარინი მეუღლე მართასთან და ვაჟიშვილებთან - ავდიფაქსთან და ამბაკუმთან ერთად სპარსეთიდან რომში წავიდა წმიდა მოციქულების, პეტრესა და პავლეს საფლავთა თაყვანსაცემად. ამ დროს რომში ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო, მართლმორწმუნეებს აპატიმრებდნენ, აწამებდნენ, სიკვდილით სჯიდნენ... მარინმა ცოლ-შვილთან ერთად პყრობილ ქრისტიანთა მსახურება და წმიდა მოწამეთა გვამების დაფლვა იტვირთა. როცა სოლარის გზასთან მიწის სათხრელად გაგზავნილი ორასსამოცი ქრისტიანი, მათ შორის ტრიბუნი ვლასტიც მოკლეს. წმიდანთა ოჯახი ხუცეს იოანესთან ერთად ღამღამობით უჩუმრად მიასვენებდა მარტვილთა ცხედრებს კატაკომბებში და პატივით კრძალავდა. საპყრობილეში მიბრუნებისას მათ შეიტყვეს, რომ წინა დღეს სიკვდილით დაესაჯათ ტყვე კვირინე, რომელსაც სიყვარულით ემსახურებოდნენ ქრისტესთვის დათმენილი მრავალგვარი სატანჯველის გამო. ნეტარმა მოღვაწეებმა მოძებნეს და მიწას მიაბარეს მისი ცხედარი. ამის შემდეგ მარინი, მართა და მისი ძენი მდევრებს განერიდნენ, მაგრამ უფალმა ისურვა, მოწამეობრივი აღსასრულით გაებრწყინებინა თავისი სათნომყოფელნი. წარმართებმა თავი მოჰკვეთეს ქრისტეს მხნე აღმსარებელს, საკვირველთმოქმედ ხუცეს ვალენტინეს, დიდებულ კარისკაც ასტერიოსს. სიკვდილით დასაჯეს მათთან თავშეფარებული სპარსელი მოღვაწეებიც: მარინი, ავდიფაქსი და ამბაკუმი. წმიდა მართა მდინარეში დაახრჩვეს (+269).
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.