ღირსი აკაკი მორჩილი - „ჭაბუკი... წრფელი ბუნებითა და ბრძენი გონებითა“ ასიის ერთ-ერთ მონასტერში მოღვაწე ფრიად უდები და ფიცხი ბერის მორჩილებაში იმყოფებოდა. მრისხანე ბერი „არათუ ოდენ გინებითა და შეურაცხებითა, არამედ ცემითა და გვემითა მარადღე სტანჯვიდა მას“. წმიდა მამას, იოანე საბაწმინდელს უთქვამს: „მე ვხედევდ მას მარადდღე გვემასა შინა ფრიადსა და ჭირსა მსგავსად მონისა, სყიდულისა“. ჭაბუკი ყველაფერს სულგრძელებით და მადლობით ითმენდა.
აკაკიმ ცხრა წელი დაჰყო უწყალო ბერთან და მიიცვალა. „დამარხეს იგი სამარხოსა მამათასა“. დასაფლავებიდან ხუთი დღის შემდეგ აკაკის მრისხანე მოძღვარი იმავე მონასტერში დაყუდე-ბულ ერთ წმიდა მამასთან მივიდა და მშუხარებით ამცნო სულიერი შვილის გარდაცვალება. პასუხად მიიღო: „გრწმენინ, ბერო, არა მრწამს, თუმცა მომკვდარ იყო იგი“. მაშინ აკაკის მოძღვარმა ახალ საფლავთან მიიყვანა ბერი. წმიდა მამამ სოფლიდან გასულს ჩასძახა: „ძმაო აკაკი, მოკვედაა?“ ნეტარმა კი სიკვდილის შემდგომაც მორჩილება გამოიჩინა - საფლავიდან გაისმა: „ვითარ შესაძლებელ არს, მამაო, სიკვდილი მორჩილისა“. ეს რომ ესმა, მწარე სინანულმა შეიპყრო მორჩილი ბერის სულიერი მამა და „დავარდა პირსა ზედა თვისსა დიდითა ტირილითა“. ამის შემდეგ იგი აკაკის სამარესთან დამკვიდრდა და ყველა მნახველს სიმდაბლით ეუბნებოდა: „კაცის კვლა მიქმნიეს“.
ეს გადმოცემა თავის „სათნოებათა კიბეში“ მოთმინებისა და მორჩილების მაგალითად მოიყვანა ღირსმა იოანე კიბისაღმწერელმა (ხს. 30 მარტს).
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.