წმიდა თეოდორე - ედესელი ეპისკოპოსი IX საუკუნეში ცხოვრობდა. მის მშობლებს - კეთილმსახურ ედესელ ქრისტიანებს ერთადერთი ასული ჰყავდათ, ნანატრი ძე კი დიდხანს არ ეძლეოდათ. თეოდორე დედ-მამის მხურვალე ლოცვების შემდეგ მოევლინა ქვეყანას, მაგრამ როცა იგი სკოლაში მიაბარეს, მშობლებს სიხარული მწუხარებად გადაექცათ: ბავშვი სწავლაში ძალიან სუსტი გამოდგა. ყრმას უფროსები სჯიდნენ, თანატოლები დასცინოდნენ, თვითონ კი გულმოდგინედ ევედრებოდა უფალს გულისხმიერების მონიჭებას. ერთხელ ყმაწვილი დილით ადრე მივიდა ტაძარში, საკურთხეველში შეიპარა, ტრაპეზის ქვეშ შეძვრა და იქ ლოცვაში ჩაეძინა. დაიწყო სამეუფო წირვა, ბავშვს ესიზმრა ნათელმოსილი ჭაბუკი, რომელმაც თაფლი აჭამა, კვერთხი მისცა ხელში და აკურთხა. საკვირველი ჩვენებით გამოფხიზლებული თეოდორე სამალავიდან გამოძვრა და გაოცებულ ეპისკოპოსს თავისი ხილვის შესახებაც მოუთხრო. მღვდელმთავარი მიხვდა, რომ ყრმის ვედრება შესმენილ იქნა და მომავალში იგი ეკლესიის წინამძღვარიც გახდებოდა, ამიტომ უფლის რჩეული ღვთისმსახურთა დასში ჩარიცხა.
ოცი წლის თეოდორეს მშობლები გარდაეცვალა. მემკვიდრეობით მიღებული დიდი ქონება მოწყალებად გასცა და იერუსალიმისკენ გაეშურა. წმიდა ადგილების მოლოცვის შემდეგ იგი საბა განწმედილის ლავრაში ბერად აღიკვეცა, და განკრძალულ სენაკში დაყუდებით დაიწყო ცხოვრება და თან მდუმარების ღვაწლიც იტვირთა. მრავალი წლის მანძილზე წმიდა თეოდორესთან ერთად მოსაგრეობდა მისი ახალგაზრდა ნათესავი მიქაელი, რომელსაც წმიდა მიწას დაპატრონებულმა მაჰმადიანებმა წამებით ამოხადეს სული.
ამის შემდეგ ნეტარი თეოდორე დიდხანს არ დარჩენილა ლავრაში. ედესის ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ ანტიოქიისა და იერუსალიმის პატრიარქების ურთიერთშეთანხმებით, სასულიერო პირთა და ერისკაცების თხოვნით ედესის მღვდელმთავრად იქნა არჩეული. წმიდა მამა დიდხანს უარობდა - უჭირდა მდუმარების დათმობა, მაგრამ ვერაფერს გახდა: ერთ კვირაში აამაღლეს იერარქიის საფეხურებზე და ეპისკოპოსადაც დაასხეს ხელი. ქიროტონიის დროს დიდი სასწაული აღესრულა: ხალხმა იხილა თეთრი მტრედი, რომელიც ჯერ ტაძრის გუმბათქვეშ ტრიალებდა, შემდეგ კი თეოდორეს თავზე დაეშვა. ახალი სამოღვაწეო ადგილისკენ მიმავალი წმიდანი ისეთმა ძლიერმა სევდამ შეიპყრო, რომ გაქცევაც კი სცადა, მაგრამ უფალმა სიზმრისეულ ჩვენებაში ასე დამოძღვრა: „ნუ მიემსგავსები უდებ მონას, რომელმაც თავისი ტალანტი მიწაში დაფლა, ხუთი ტალანტით სხვა ხუთის მომგებს მიჰბაძე!“ თეოდორე მიხვდა თავის შეცდომას, დათრგუნა საკუთარი ნება და ბრძნულად შეუდგა ეკლესიის მართვას: სიტყვითა და საქმით მოძღვრავდა სამწყსოს, უშიშრად ამხელდა ერეტიკოსებს... წმიდა მღვდელმთავარს ნუგეშს სცემდა და განამტკიცებდა სულიერი ურთიერთობა მხცოვან მესვეტე ბერ - ღირს თეოდოსისთან. ეს მოსაგრე ედესისგან ოდნავ დაშორებული წმიდა გიორგის სახელობის მონასტრის სიახლოვეს ცხოვრობდა. იგი უფროს ძმასთან, იოანესთან ერთად სიჭაბუკეშივე განერიდა წუთისოფლის ამაოებას. ძმები სამი წლის მანძილზე მონასტერში მოღვაწეობდნენ, შემდეგ კი ბაბილონის მახლობლად, უდაბნოში დამკვიდრდნენ ორ სხვადასხვა გამოქვაბულში და მკაცრ მარხვასა და ლოცვას მიეცნენ. მოსაგრეები შაბათ-კვირას ხვდებოდნენ ერთმანეთს ერთობლივი ლოცვისთვის, შემდეგ კი კვლავ იყრებოდნენ.
ერთხელ, უდაბნოში მწვანილეულობის შესაგროვებლად გასულმა თეოდოსიმ შორიდან თვალი მოჰკრა ძმას, რომელიც იმავე საქმით იყო დაკავებული. იოანე უეცრად შედგა, ოდნავ დაიხარა მიწისკენ, გაკვირვებით დააცქერდა რაღაცას, შემდეგ კი პირჯვარი გადაისახა, გადაახტა იმ ადგილს და სწრაფად მიაშურა თავის გამოქვაბულს. ძმის უცნაური ქცევა ეუცხოვა თეოდოსის, მივიდა იმ ადგილას და, გაოცებულმა, ოქროს გროვა დაინახა. მან ილოცა, ზედა სამოსელი გაიძრო, ნაპოვნი განძი შიგ ჩაყარა და გაჭირვებით მიათრია სენაკამდე. მეორე დღეს ისე, რომ ძმას არც დამშვიდობებია, თეოდოსი ქალაქისკენ გაეშურა. აქ მან ტაძარი ააგო, მონასტერი მოაწყო, დააარსა საავადმყოფო და დავრდომილთა თავშესაფარი, მათთვის შესაწირიც უხვად გაიღო, ბოლოს, დარჩენილი ქონება გლახაკებს დაურიგა და უდაბნოსკენ გაბრუნდა. გაამაყებული თეოდოსი გულში განიკითხავდა ძმას იმის გამო, რომ მან ნაპოვნი განძის გამოყენება ვერ შეძლო. ამ დროს ბერის წინაშე წარდგა ანგელოზი, რომელიც ადრეც ხშირად ეჩვენებოდა. ახლა იგი მეტად განრისხებული ჩანდა. უფლის მსახურმა მეუდაბნოეს მკაცრად მიმართა: „რას ქედმაღლობ?! ჭეშმარიტად გეუბნები, შენი საქმეები ვერ შეეტოლება იმ გრძნობას, რომლითაც შენი ძმა ოქროს გადაახტა. მაშინ მან მხოლოდ განძი კი არ დათმო, არამედ მსუბუქი ფრთებით ის უფსკრული გადალახა, რომელიც ლაზარესა და მდიდარს შორისაა დამტკიცებული. იოანეს ღვაწლი განუზომლად აღმატებულია ღვთის წინაშე. ამ ცხოვრებაში შენ მას აწი ვერასოდეს ნახავ და ვერც მე მიხილავ, სანამ სინანულითა და ლოცვით გულს არ მოულბობ უფალს“.
თეოდოსი ძმის გამოქვაბულთან მივიდა და, როცა იგი იქ არ დახვდა, მწარედ ატირდა. უსაზღვროდ დამწუხრებულს, ერთი კვირის შემდეგ შორიდან ჩაესმა ანგელოზის ხმა, რომელმაც ედესაში წასვლა უბრძანა. თეოდორემ იქ მესვეტეობის ღვაწლი იტვირთა, სათნოეყო უფალს და ხუთი ათწლეულის შემდეგ განჭვრეტის მადლიც მიიღო მისგან. წმიდა მამა სიყვარულით ღებულობდა მიმსვლელებს და ყველას გულმოდგინედ მოძღვრავდა. ერთხელ მღვდელმთავარი თეოდორე ნეტარი ბერის კურთხევით ბაბილონის ხალიფა მავისთან გაემგზავრა ეკლესიის საქმეებზე. ხალიფა მას მძიმედ დასნეულებული დაუხვდა. წმიდანმა უფლისგან შემწეობა გამოითხოვა, წყლიან ჭიქაში მაცხოვრის საფლავიდან აღებული მიწა ჩაყარა, შეასვა ავადმყოფს და განკურნა. მადლიერმა მავიმ ირწმუნა ქრისტე და იოანეს სახელით ნათელ-იღო სამ დაახლოებულ პირთან ერთად.
მალე მუსულმანთა წინაშე თავისი სარწმუნოების აშკარა აღსარებისათვის ხალიფა იოანე (მავი) და მისი ქრისტესმიერი ძმები ქვეშევრდომებმა სიცოცხლეს გამოასალმეს. მოწამეობრივი აღსასრულის შემდგომ ღამეს იოანე სპეტაკ სამოსელში, ბრწყინვალე გვირგვინით გამოეცხადა თეოდორეს და უთხრა: „გაკურთხოს უფალმა რამეთუ ჩემი ხსნის იარაღი შეიქენი!“ ამის შემდეგ თეოდოსი მესვეტეს დიდხანს აღარ უცოცხლია.
თეოდორემ იგი პატივით მიაბარა მიწას, თავად კი, მოახლოებული აღსასრულის შესახებ ისევ იოანეს სასწაულებრივი გამოცხადებით გაფრთხილებულმა, სამი წლის შემდეგ კათედრა დატოვა, საბა განწმედილის ლავრაში განმარტოვდა და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (IX).
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.