წმიდა ორმოცდახუთი მოწამე სომხეთის ქალაქ ნიკოპოლში ეწამა კონსტანტინე დიდის თანამმართველის, იმპერატორ ლიკინიუსის (307-324) ზეობისას. ლიკინიუსი სასტიკად დევნიდა ქრისტიანებს. მან თავის, აღმოსავლეთის ოლქში გამოსცა კანონი, რომელიც წამებით სიკვდილს უქადდა ყველას, ვინც კერპებს არ სცემდა თაყვანს. როცა დევნა ქალაქ ნიკოპოლშიც დაიწყო, მაცხოვრის ორმოცმა მსასოებელმა გადაწყვიტა, ნებსით ჩაბარებოდნენ მტარვალებს, და ქრისტეს სახელისათვის წამება დაეთმინათ. ღვთის ნებით, წმინდანებს შეუერთდა კიდევ ხუთი გამორჩეული ქრისტიანი: ლეონტი, მავრიკიოსი, დანიელი, ანტონი და ალექსანდრე, რომელთაც მათი წინამძღვრობა იტვირთეს. აღმსარებლები სასტიკად სცემეს, შებოჭეს და საპყრობილეში ჩაყარეს.
საკანში გამოკეტილი წმიდანები ხარობდნენ და დავითის ფსალმუნებს გალობდნენ. წმიდა ლეონტი ამხნევებდა მათ. ნეტარი შიშობდა, ვაითუ ზოგიერთებმა ტკივილებს ვერ გაუძლონ, სულით დაეცნენ, რწმენა შეერყეთო და მხურვალედ ევედრებოდა უფალს, მალე მიეღო აღმსარებელთა სულები.
შუაღამით, როცა მარტვილები ფსალმუნებს გალობდნენ, უეცრად ნათელმოსილი ანგელოზი წარდგა მათ წინაშე, საკანი ზეციური შუქით გაანათა და წმიდანებს ამცნო, თქვენი ღვაწლი დასასრულს უახლოვდება, სახელები კი უკვე დაწერილიაო ცათა შინა. საპყრობილის მცველები, მენევსი და ბირილადე შეესწრნენ ამ სასწაულებრივ გამოცხადებას და ირწმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი. მეორე დღეს მმართველმა ქრისტეს ტარიგთა სიკვდილით დასჯა გადაწყვიტა. წმიდანები ცეცხლში დაწვეს, უვნებლად გადარჩენილი მათი წმიდა ძვლები კი მდინარეში გადაყარეს (+318). ღვთისმოყვარე ადამიანებმა იპოვეს წმიდანთა ნაწილები და ერთ ადგილას დაფლეს დიდი პატივით. მოგვიანებით, როცა ქრისტეს ეკლესიას თავისუფლება მიენიჭა, ამ ადგილზე წმიდა ორმოცდახუთი მოწამის სახელობის ტაძარი ააგეს.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.