წმიდა მოწამენი ვიანორე და სილუანე. წმიდა ვიანორე მცირე აზიის პისიდიის ოლქში დაიბადა. ქრისტეს აღსარებისთვის იგი შეიპყრეს და ლიკაონიის ქალაქ ისავრიის მმართველს მიჰგვარეს. უსჯულო ხელისუფალმა წმიდანს მაცხოვრის სარწმუნოების უარყოფა მოსთხოვა, მაგრამ ვიანორემ მტკიცე უარი განაცხადა და, მრავალგვარი წამების მიუხედავად, მოუდრეკელი დარჩა.
მარტვილის მოთმინების თვითმხილველმა წარმართმა სილუანემ ირწმუნა და აღიარა ქრისტე, რისთვისაც ენა მოაჭრეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს. ხანგრძლივი წამებით მოუძლურებულმა ვიანორემაც მისი ხვედრი გაიზიარა - მტარვალებმა იგი მახვილით მოკლეს.
წმიდა მარტვილების წამების თარიღი ზუსტად არაა ცნობილი. ვარაუდობენ, რომ ისინი იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას აღესრულნენ.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.