წმიდა იულიანე - კენომანიელი ეპისკოპოსი პეტრე მოციქულმა აკურთხა მღვდელმთავრად. მას აიგივებენ სიმონ კეთროვანთან (მკ. 14,3), რომელსაც ნათლისღებისას იულიანე ეწოდა.
პეტრე მოციქულმა წმიდა იულიანე სახარების საქადაგებლად გალიაში გაგზავნა. ნეტარი ჩავიდა იტალიის სამხრეთით, კენომანიაში; ქალაქგარეთ, როგორც ჩანს, კრემონის მახლობლად, პატარა ქოხში დამკვიდრდა და წარმართთა შორის სახარების ქადაგება დაიწყო. კერპთმსახურები თავდაპირველად გულგრილად უსმენდნენ უცხოტომელს, მაგრამ მის მიერ აღსრულებული სასწაულების ხილვამ მათ გულებში თანდათან იულიანესადმი ნდობა გააღვივა. უამრავი ადამიანი მიდიოდა ნეტართან დახმარების სათხოვნელად. ისიც კურნავდა სნეულებებს და თან სულის წყლულებს წამლობდა - ქრისტეს სარწმუნოების ნათლით ანათლებდა უღმერთობის წყვდიადში მყოფთ.
წმიდა მამამ, მრავალრიცხოვან მნახველთათვის წყურვილი რომ მოეკლა, ილოცა, გამხმარ მიწას კვერთხი დაჰკრა და წყარო აღმოაცენა. ამ სასწაულმა ბევრი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე. ერთხელ ადგილობრივმა წარმართმა მთავარმა ეპისკოპოსი თავისთან მიიპატიჟა. ნეტარ მამას შეებრალა სასახლის კარიბჭესთან მჯდომი ბრმა, ილოცა მისთვის და თვალები აუხილა. როცა წმიდანთან შესაგებებლად გამოსულმა დიდებულმა მასპინძელმა ამის შესახებ შეიტყო, ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი, ფეხებში ჩაუვარდა იულიანეს და მონათვლა სთხოვა. მღვდელმთავარმა კათაკმევლებად დაადგინა ის და მთელი მისი სახლეულობა, სამდღიანი მარხვა დაუწესა, შემდეგ კი ნათლობის საიდუმლოც აღასრულა.
მთავრის მიბაძვით, მის ქვეშევრდომთა უმეტესობაც შეუდგა ქრისტეს. ახალმოქცეულმა ხელისუფალმა ეკლესიის მოსაწყობად საკუთარი სასახლე შესწირა და საჭირო სახსრებითაც უზრუნველჰყო. ღირსი მამა გულმოდგინედ იღვწოდა სამწყსოს სულიერი განათლებისთვის და კვლავინდებურად სულიწმიდის მადლით კურნავდა სნეულებს, მგლოვიარე მშობლების სიბრალულით აღძრულ წმიდანს მათი მიცვალებული შვილების მკვდრეთით აღდგინებაც გამოუთხოვია უფლისგან.
ქრისტეს ერთგულმა მსახურმა ღრმა მოხუცებულობაში შეჰვედრა სული უფალს.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.