ღირსი კვირიაკე განდეგილი კორინთოში დაიბადა საკათედრო ტაძრის ხუცესის, იოანესა და მისი მეუღლის, ევდოქსიას ოჯახში. წმიდანის ბიძამ - კორინთელმა ეპისკოპოსმა პეტრემ იგი წიგნისმკითხველად დაადგინა ეკლესიაში. წმიდა წერილის გამუდმებულმა კითხვამ ნეტარის სულში უფლის სიყვარული და უბიწო, ღვთივსათნო ცხოვრებისაკენ სწრაფვა გააღვივა. წმიდანი ჯერ კიდევ თვრამეტი წლის იყო, როცა ფარულად მიაშურა ნავსადგურს, ხომალდზე ავიდა და იერუსალიმში გაემგზავრა.
წმიდა ადგილების მოლოცვის შემდეგ კვირიაკე სიონის მახლობლად მდებარე სავანეს ესტუმრა და რამდენიმე თვე იღუმენ ამბა ევსტორგიოსის მორჩილებაში გაატარა. აქ მან „უმრავლესისა დაყუდებისა სურვილი აღიღო“, იღუმენს კურთხევა გამოსთხოვა და ექვთიმე დიდის (ხს. 20 იანვარს) განკრძალულ ლავრაში გადაინაცვლა. ღირსმა ექვთიმემ განჭვრიტა ჭაბუკზე დავანებული დიდი მადლი, ბერად აღკვეცა იგი და თეოქტისტეს მონასტერში, ღირს გერასიმესთან (ხს. 4 მარტს) გაგზავნა. წმიდა გერასიმემ მას საძმოს მსახურება დაავალა. ყმაწვილი ბერი გულმოდგინედ აღასრულებდა მორჩილების საქმეს. გერასიმემ იმდენად შეიყვარა წმიდანი, რომ დიდმარხვაში თან გაჰყავდა ხოლმე რუბის უდაბნოში და „მუნ აზიარის იგი შრომათა და სულიერთა აღსლვათა“. სრულ განმარტოებაში მოსაგრეები ბზობის კვირამდე რჩებოდნენ.
მამა გერასიმეს მიცვალების შემდეგ ოცდაშვიდი წლის წმიდანი ღირსი ექვთიმეს ლავრაში დაბრუნდა, მაგრამ არც ის დახვდა ცოცხალი. მაშინ კვირიაკემ განკრძალული სენაკი გამოითხოვა, იქ დაეყუდა და ათი წელი სრულ მდუმარებაში გალია. ოცდაჩვიდმეტი წლის ასაკში წმიდანმა დიაკვნის ხარისხი მიიღო. როცა ღირსი ექვთიმესა და თეოქტისტეს ლავრებს შორის განხეთქილება წარმოიშვა, წმიდანს „მოეწყინა განწვალებაჲ ძმათაჲ“ და ღირსი ხარიტონის (ხს. 28 სექტემბერს) სუკიის ლავრას მიაშურა. აქ წმიდანი ხუცესად აკურთხეს და თან კანონარქად დაადგინეს. ამ მორჩილებას იგი თვრამეტი წლის მანძილზე აღასრულებდა. წმიდა მამამ ღირსი ხარიტონის ლავრაში ოცდაათი წელი დაჰყო.
როცა წმიდანს სამოცდაათი წელი შეუსრულდა, თავის მოწაფესთან, იოანესთან ერთად ნატოფას უდაბნოში დაემკვიდრა. ხუთი წლის შემდეგ მეუდაბნოე მამათა შესახებ მახლობელი დაბის, თეკოას მკვიდრმა შეიტყო და მათ თავისი ეშმაკეული ძე მიჰგვარა. კვირიაკემ განკურნა ყმაწვილი. ამის შემდეგ ნეტართან მრავალი ადამიანი მიდიოდა შემწეობის თხოვნით, ის კი სრულ განმარტოებას ეძიებდა, ამიტომ რუბის უდაბნოს მიაშურა. აქაც ბევრი სნეული და ეშმაკეული მიჰყავდათ. წმიდანი ყველას ჯვრის გადასახვით და ლოცვით კურნავდა. ოთხმოც წელს მიღწეული ღირსი მამა „ესევითარად უდაბნოდ წავიდა, რომელსა არცა ვინ განშორებულთაგანი დადგრომილ იყო, არცა თუ წარევლო იგი ოდესცა“. ამ ადგილს, სადაც ორი დამშრალი მდინარის კალაპოტი უერთდებოდა ერთმანეთს, სუსაკიმი ერქვა. მოსაგრის „საღმრთოთა მადლთა უშურველობამან, რომელი უმჴურვალესსა სარწმუნოებასა აღსძრვიდა და ღმრთისმსახურთა სულებსა სურვილად მიიზიდვიდა“, ეს უვალი ადგილიც „ადვილ სავალ კაცთა ყო“. შვიდი წლის შემდეგ ღირს მამასთან სუკიის მონასტრის ბერები მივიდნენ და სთხოვეს, დახმარებოდა მათ ღვთის დაშვებით მოვლენილი შიმშილობისა და მძიმე სნეულებათა მძვინვარების ჟამს. ძმებმა კვირიაკე სავანეში დაბრუნებაზე დაითანხმეს და წმიდანი იმ მღვიმეში დასახლდა, სადაც ადრე ღირსი ხარიტონი მოღვაწეობდა.
ნეტარმა კვირიაკემ დიდი ღვაწლი გასწია ორიგენეს ერესის სამხილებლად. ლოცვითა და სიტყვით მან მრავალი შეცდომილი დააყენა ჭეშმარიტ გზაზე და მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში განამტკიცა.
ღირს მამას თავად ღვთისმშობელი მოუწოდებდა, დაეცვა მართლმადიდებლური სარწმუნოების სიწმიდე - ყოვლადწმიდა ქალწული სიზმრისეული ჩვენებით გამოეცხადა ნეტარს იოანე ნათლისმცემელთან და იოანე ღვთისმეტყველთან ერთად და მის სენაკში შესვლაზე უარი განაცხადა იმის გამო, რომ იქ იდო წიგნი ერეტიკოს ნესტორის გამონათქვამებით. ოთხმოცდაცხრამეტი წლის ასაკში ღირსმა კვირიაკემ კვლავ სუსაკიმს მიაშურა და აქ დამკვიდრდა თავის მოწაფე, იოანესთან ერთად.
უდაბნოში წმიდანს ემსახურებოდა „ლომი დიდი სიდიდითა და საზარელი ხილვითა“, რომელიც მას ავაზაკთაგან იცავდა, მაგრამ სტუმრად მოსულ ძმებს არაფერს ვნებდა. მხეცი კვირიაკეს ხელიდან ჭამდა საჭმელს. ერთხელ, ზაფხულის პაპანაქებაში, კლდის ნაპრალები, სადაც ბერები ზამთრობით წყალს აგროვებდნენ ხოლმე, ამოშრა, სხვა წყარო კი არსად იყო. ღირსმა კვირიაკემ ილოცა და ისეთმა ძლიერმა წვიმამ დაუშვა, რომ ღრმულები პირთამდე აივსო. სიკვდილამდე ორი წლით ადრე წმიდანი მონასტერში დაბრუნდა და კვლავ ღირსი ხარიტონის მღვიმეში დამკვიდრდა. მას აღსასრულამდე არ დაუკარგავს მხნეობა, მუდამ ლოცულობდა და შრომობდა. ამსოფლიდან განსვლის წინ ნეტარმა ძმობას მოუწოდა, ყველანი აკურთხა და ასცხრა წლის ასაკში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.