წმიდა მოწამე ანტიოქე სებასტიელი მკურნალი იყო. იგი ქრისტიანობაზე ძმამ - წმიდა პლატონმა (ხს. 18 ნოემბერს) მოაქცია. როცა წარმართებმა შეიტყვეს, რომ ანტიოქე ჯვარცმული ღმერთის მოსავი იყო, სამსჯავროზე უხმეს და საშინლად აწამეს. მტარვალებმა მდუღარე წყალში ჩააგდეს ნეტარი, მაგრამ უვნებელი დარჩა; მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ ისინიც თვინიერად გაუწვნენ ფეხთით... მოწამის ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულა, ბოლოს უღმრთოებმა თავი მოჰკვეთეს უფლის რჩეულს.
ანტიოქე მკურნალის სიკვდილით დასჯის მონაწილე - მხედარი კვირიაკე შეძრა წმიდა მარტვილის ახოვნებამ, ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და საჯაროდ აღიარა თავისი სარწმუნოება. ამისთვის მასაც თავი მოჰკვეთეს (IV). წმიდა მოწამეები გვერდიგვერდ დაკრძალეს.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.