უკან დაბრუნება

ხსენება თხოთის მთასა ზედა აღსრულებული სასწაულისა, რომელი შეემთხვა წმ. მეფესა მირიანს (325).

ერთ დღეს მეფე მირიანი სანადიროდ წავიდა თხოთის მთაზე. მოუხდა უჩინო მტერი, გულში კვლავ ჩაუდო კერპთა და ცეცხლის სიყვარული და მახვილით მოწყვეტა ქრისტიანეთა. მან გადაწყვიტა მცხეთაში დაბრუნებისთანავე ქრისტიანთა განდევნა და ნინოს მოკვდინება. მთაზე ასულ მეფეს მზე დაუბნელდა, უკუნი ღამე ჩამოწვა. შეშინებულმა მირიანმა კერპებს შესთხოვა დახმარება, მაგრამ ისინი უგრძნობი იყვნენ მლოცველის მიმართ. მაშინ მეფემ ჯვარცმულ ღმერთს შეავედრა თავი და მოხდა სასწაული: განათდა, მზე გამობრწყინდა. მირიანმა განიპყრნა ხელნი აღმოსავლისაკენ და თქვა: „შენ ხარ ღმერთი ყოველთა ზედა ღმერთთა, უფალი ყოველთა ზედა უფლებათა, ღმერთი, რომელსა ნინო იტყვის“. მცხეთაში დაბრუნებული მეფე ნინოსთან მივიდა, მისი რჩევით მეორე დღესვე მოციქულნი წარავლინა საბერძნეთს კონსტანტინე მეფესთან და სთხოვა, მღვდლები გამოეგზავნა ნათლისღებისთვის.
 
წმინდანთა ცხოვრება, ტომი IV, თბილისი, 2001 წ.