1 კორ. 141 დას. IV, 2-12
2. ხოლო აქა ამიერითგან საძიებელ არს მნეთა მათ შორის, რაჲთა სარწმუნო ვინმე იპოვოს. 3. ხოლო ჩემდა საწუნელება არს, უკუეთუ თქუენ მიერ განვიკითხო გინა თუ კაცობრივისაგან დღისა; არამედ არცაღა თავსა ჩემსა განვიკითხავ. 4. რამეთუ არარაჲ თავსა ჩემსა შემიცნობიეს, არამედ არა თუ ამით განვმართლდები; ხოლო განმკითხველი ჩემი უფალი არს. 5. ამისთჳს ნუ წინაწარ ჟამსა რას განიკითხავთ, ვიდრემდის მოვიდეს უფალი, რომელმანცა განანათლოს დაფარული იგი ბნელისაჲ და განაცხადნეს ზრახვანი იგი გულთანი, და მაშინ ქებაჲ იყოს კაცად-კაცადისაჲ ღმრთისა მიერ. 6. ხოლო ესე, ძმანო, სახედ დავდევ თავისა ჩემისა და აპოლოჲსა თქუენთჳს, რაჲთა ჩუენ მიერ ისწაოთ არა უფროჲს წერილისა მის ზრახვად, რაჲთა არა ერთი-ერთსა ზედა განჰლაღნეთ მოყუსისათჳს. 7. რამეთუ ვინ განგიკითხავს შენ? ანუ რაჲ გაქუს, რომელი არა მიგიღებიეს? ხოლო უკუეთუ მიგიღებიეს, რაჲსა იქადი, ვითარცა არა-მიღებულსა? 8. აწვე განმაძღარ ხართ და აწვე განჰმდიდრდით და თჳნიერ ჩუენსა სუფევდით! და თუმცა სუფევდით, რაჲთა ჩუენცა თქუენ თანა ვსუფევდეთ! 9. რამეთუ ვჰგონებ, ვითარმედ ღმერთმან ჩუენ მოციქულნი უკანაჲსკნელად გამოგუაჩინნა ვითარცა სასიკუდინენი, რამეთუ სახილველ ვიქმნენით სოფლისა და ანგელოზთა და კაცთა. 10. ჩუენ სულელ ქრისტესთჳს, ხოლო თქუენ ბრძენ ქრისტეს მიერ; ჩუენ უძლურ, ხოლო თქუენ ძლიერ; თქუენ დიდებულ, ხოლო ჩუენ გინებულ. 11. ვიდრე აქა ჟამადმდე გუშიისცა და გუწყურისცა და შიშუელ ვართ და ვიქენჯნებით, და განუსუენებელ ვართ და ვშურებით, 12. რამეთუ ვიქმთ ჴელითა ჩუენითა. მაგინებელთა ჩუენთა ვაკურთხევთ; ვიდევნებით და თავს-ვიდებთ;
ლკ. 34 დას. VIII, 1-3
1. და იყო ამისა შემდგომად თავადი ვიდოდა ქალაქად-ქალაქად და დაბად-დაბად, ქადაგებდა და ახარებდა სასუფეველსა ღმრთისასა; და ათორმეტნი მოწაფენი მის თანა. 2. და დედანი ვინმე, რომელნი განკურნებულ იყვნეს სულთაგან არაწმიდათა და უძლურებათა: მარიამ, რომელსა ერქუა მაგდალენელი, რომლისაგან შჳდნი ეშმაკნი განსრულ იყვნეს. 3. იოანნა, ცოლი ქოზაჲსი, ეზოჲს-მოძღურისა ჰეროდესი, და სუსანა და სხუანი მრავანი, რომელნი ჰმსახურებდეს მას ნაყოფთაგან მათთა.