ღირსი ილარიონ თუალელის შესახებ ძალიან მწირი ცნობები მოგვეპოვება. ვიცით, რომ იგი თავდაპირველად ხახულის მონასტერში მოღვაწეობდა და მისი დროის ერთ-ერთი უდიდესი სასულიერო მოღვაწე, მწერალი და მთარგმნელი ყოფილა. გიორგი მცირე (XI ს.) „გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში“ წერს, რომ წმიდა ილარიონი იყო „უმაღლესი სათნოებითა და სულიერთა მოღვაწებათა შინა განთქმული“. ილარიონი „ვითარცა მთიები ბრწყინავდა კრებულსა შორის მამათასა, რომლისა სათნოებათა და მოღუაწებათა წარმოთქუმაჲ შეუძლებელ არს“.
ღირსმა ილარიონმა აღზარდა ხახულის მონასტერში მიყვანილი ყრმა გიორგი მთაწმინდელი. „ვითარცა ღმრთისა მიერ მოცემული კეთილი შვილი, ეგრეთ შეიწყნარა და წესიერებისა მიმართ და სათნოებისა წურთად უწყის და ესრეთ წარემატებოდა ნებითა ღმრთისაჲთა, ვითარცა ნერგი კეთილი, დანერგული თანაწარსადინელსა ღმრთივ-სულიერთა სწავლათასა, დღითი-დღე აღორძნდებოდა“. როგორც ჩანს ხახულის მონასტრიდან წმიდა ილარიონი ანტიოქიაში წასულა სამოღვაწეოდ. მისი ზეწოდება თუალელი მომდინარეობს ანტიოქის მახლობლად მდებარე თუალის მოანსტრიდან.
წმიდა ილარიონმა აღკვეცა მონაზვნად გიორგი მთაწმინდელი და მანვე ჩაუნერგა ეს სიწმიდე და სიბრძნე, რითაც გიორგიმ დაატკბო საქართველოს ეკლესია. მიხეილ საბინინის (1845-1900) ცნობით, ღირსი ილარიონი გარდაიცვალა 1041 წელს.
„ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.