წმიდა მოწამენი, კეთილმორწმუნენი მთავარნი ბორისი და გლები (წმიდა ნათლისღებით - რომანოზი და დავითი) მოციქულთასწორი მთავარი ვლადიმირის (ხს. 15 ივლისს) შვილები იყვნენ. ისინი სიყრმიდანვე კეთილმსახურებით გამოირჩეოდნენ. ვლადიმირმა თავისსავე სიცოცხლეში დაუნაწილა მიწები ვაჟიშვილებს: ბორისს რიაზანის სამთავრო ერგო, გლებს კი - მურომისა. ძმები დაუცხრომლად იღვწოდნენ ქრისტიანული სარწმუნოების გასავრცელებლად.
1015 წელს, წმიდა ვლადიმირის ნეტარი აღსასრულის შემდეგ, დიდი სამთავრო ხელში ჩაიგდო მისმა შვილობილმა, რუსეთის ისტორიაში „წყეულის“ სახელით შესულმა სვიატოპოლკმა. მან წმიდა ძმების მოკვლა გადაწყვიტა. ამ დროს მომხდურ პაჭანიკებთან ბრძოლიდან მობრუნებული წმიდა ბორისი თავისი რაზმით მდინარე ალტასთან იყო დაბანაკებული. სვიატოპოლკმა ბორისს ელჩები გაუგზავნა, მამის გარდაცვალება ამცნო და ურთიერთსიყვარულისკენ მოუწოდა, თან კი გზიდან მის ჩამოსაშორებლად მკვლელები დაიქირავა. 24 ივლისის ღამეს ბოროტგანმზრახველები წმიდა მთავრის კარავთან მიიპარნენ, მაგრამ კარიდან ფსალმუნთა გალობა მოესმათ და გადაწყვიტეს, დაეცადათ, სანამ ბორისი დასაძინებლად დაწვებოდა.
მკვლელები თავს დაესხნენ წმინდანს და, მახვილებით დაწყლულებული, სვიატოპოლკთან წაიყვანეს. ამ უკანასკნელმა როცა შეიტყო, რომ ძმა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ხალხი გაგზავნა მის მოსაკლავად. წმიდა მთავრის ცხედარი ფარულად გადაასვენეს ვიშგოროდში, კიევიდან თხუთმეტი ვერსის მოშორებით, და წმიდა ბასილის სახელობის ტაძარში დაკრძალეს.
ბორისის მკვლელობის შემდეგ სვიატოპოლკმა მალემსრბოლები გაგზავნა იმჟამად სმოლენსკის მახლობლად მყოფ გლებთან და თითქოს მძიმედ დასნეულებულ მამასთან მოუხმო. გლებიც დაუყოვნებლივ გაეშურა მშობლისგან უკანასკნელი კურთხევის მისაღებად. გზაში, მკვლელები წამოეწივნენ ნეტარს, მახვილებით მოუსწრაფეს სიცოცხლე, მისი ცხედარი კი იქვე, მდინარე სმიადინის პირას მიაგდეს და ზედ ფიჩხები დააყარეს. უფლის რჩეულის წმიდა ნეშტის ადგილსამყოფელი ზეციური სასწაულით გაცხადდა: ზოგჯერ მას ნათლის სვეტი ადგებოდა თავს, ზოგჯერ კი გამვლელებსა და მწყემსებს ანგელოზთა ტკბილი გალობა ესმოდათ. სმოლენსკელებმა ამას ყურადღება მიაქციეს, გლების ცხედარს მიაკვლიეს და პატივით გადაასვენეს იგი თავიანთ ქალაქში.
იაროსლავმა გლების წმიდა ნეშტი ვიშგოროდში გადაასვენა და ბორისის გვერდით დაკრძალა, წმიდა ბასილის სახელობის ტაძარში. მოგვიანებით იაროსლავის ძემ, იზიასლავმა წმიდა მთავართა სახელობის ახალი ტაძარი ააგო და 1072 წლის 2 მაისს მათი უხრწნელი ნაწილები იქ გადააბრძანა (იხილეთ 2 მაისის საკითხავი).
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.