წმიდა ოლიმპიადა დიაკონისა იყო ასული სენატორ ანისიუს სეკუნდუსისა, წმიდანი მშობლებმა ადრეულ სიყმაწვილეშივე დანიშნეს ერთ კეთილმსახურ ჭაბუკზე. როგორც კი ოლიმპიადა სრულწლოვანებას მიაღწევდა, ჯვრისწერაც უნდა აღსრულებულიყო, მაგრამ მალე მისი საქმრო გარდაიცვალა. ნეტარმა გათხოვება არ ისურვა და ქალწულებრივი ცხოვრება ირჩია.
დედ-მამის გარდაცვალების შემდეგ ოლიმპიადამ დიდი ქონება მიიღო მემკვიდრეობით, რომელსაც იგი უხვად ურიგებდა გლახაკებს, ობლებსა და ქვრივებს, უშურველად სწირავდა ეკლესია-მონასტრებს, საავადმყოფოებს, დავრდომილთა და მწირთა თავშესაფრებს.
პატრიარქმა ნექტარიუსმა (381-393) წმიდა დედა დიაკონისად დაადგინა და ისიც გულმოდგინედ და უმწიკვლოდ აღასრულებდა თავის მოვალეობას.
ოლიმპიადა კონსტანტინოპოლში სტუმრობისას დიდად შეეწეოდა და სიყვარულით ემსახურებოდა მღვდელმთავრებს: ამფილოქე იკონიელს, ონისიმე პონტიელს, გრიგოლ ღვთისმეტყველს, პეტრე სებასტიელს, ეპიფანე კვიპრელს...
წმიდა იოანე ოქროპირი (+407; ხს. 13 ნოემბერს) მეტად აფასებდა ნეტარ დედას. ოლიმპიადა სხვა დიაკონისებთან ერთად ძლიერ განიცდიდა უდანაშაულო მღვდელმთავრის უმსჯავროდ განდევნას კათედრიდან. როცა ოქროპირი უკანასკნელად გამოდიოდა ტაძრიდან, თავისთან მოიხმო იგი დიაკონისებთან: პენტადიას, პროკლიას და სილვინიასთან ერთად და უთხრა, როგორც ჩანს, ჩემს წინააღმდეგ აღძრული საქმე დასასრულს უახლოვდება და ალბათ, აწი ვერც მიხილავთო, შემდეგ კი სთხოვა, არ დაეტოვებინათ ტაძარი და დამორჩილებოდნენ მღვდელმთავარს, რომელსაც მის ნაცვლად დაადგენდნენ.
იოანე ოქროპირის გაძევების შემდეგ წმიდა სოფიას საკათედრო ტაძარი დაიწვა. ცეცხლი მიმდებარე შენობებსაც მოედო და ქალაქის დიდი ნაწილი იმსხვერპლა. დევნილი მღვდელმთავრის ყველა მომხრეს ბოროტმოქმედებაში დასდეს ბრალი. დაკითხეს წმიდა ოლიმპიადაც. მართალია, მას ვერანაირი სამხილი ვერ უპოვეს, მაგრამ მაინც დიდძალი ფულადი ჯარიმა გადაახდევინეს, თითქოსდა ხანძრის გამჩენთა დაქირავებისათვის. ამის შემდეგ ნეტარმა დატოვა კონსტანტინოპოლი და ქალაქ კვიზიკში (მარმარილოს ზღვაზე) გაემგზავრა; მაგრამ მტრებს მისი დევნა არ შეუწყვეტიათ: წმიდა დედა შეიპყრეს და 405 წელს ნიკომიდიაში გადაასახლეს, სადაც მრავალი ჭირი და მწუხარება დაითმინა. მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი გადასახლებიდან ეხმიანებოდა ნეტარს, ნუგეშს სცემდა და ამხნევებდა. „მხოლოდ ერთი რამ არის საშინელი, - წერდა ის, - ესაა ცოდვა. სხვა ყველაფერი ზღაპარია: მზაკვრობა თუ პირფერობა, სიცრუე თუ მლიქვნელობა, ბოროტსიტყვაობა, ცილისწამება, მამულის დაკარგვა, დევნილობა, ყველაზე პირბასრი მახვილები, ზღვა და თუნდაც შენს წინააღმდეგ აღმდგარი მთელი სამყარო! როგორიც არ უნდა იყოს ეს განსაცდელები და უსიამოვნებანი, ისინი მაინც დროებითი და სწრაფწარმავალია, მხოლოდ ხრწნადი სხეულისათვის არსებობს, ახოვან სულს კი ვერაფერს ვნებს!“ - „ნურაფერი შემთხვევითი ნუ აღგაშფოთებს, ნუ უხმობ მავანსა და მავანს, ნუ სდევ აჩრდილებს, რამეთუ ადამიანური შემწეობა აჩრდილია. იესოს, რომელსაც ჰმსახურებ, იესოს ჰხადოდე მოუკლებლად!“
წმიდა ოლიმპიადა 409 წელს გარდაიცვალა, გადასახლებაში. ნეტარი ნიკომიდიის ეპისკოპოსს გამოეცხადა და უბრძანა, მისი სხეული კიდობანში ჩაესვენებინათ და ზღვისთვის მიეცათ: „სადაც ტალღები გარიყავენ კიდობანს, დაე, იქ დაიკრძალოს ჩემი ცხედარიც“, - უთხრა მან ეპისკოპოსს. წმიდა ნეშტი კონსტანტინოპოლის მახლობლად, ბიოქტად წოდებულ ადგილთან მიცურდა. აქაურმა მცხოვრებლებმა, რომლებსაც ზეგარდმო ეუწყათ ამის შესახებ, ზღვიდან კრძალვით გამოაბრძანეს წმიდანის ცხედარი და თომა მოციქულის სახელობის საყდარში დაფლეს. შემდგომ, ბარბაროსთა შემოსევის დროს, ეს საყდარი დაიწვა, მაგრამ ღირსი დედის ნაწილები უვნებელი დარჩა. პატრიარქ სერგის (610-638) დროს წმინდა ნაწილები კონსტანტინოპოლში გადაასვენეს და თავად წმიდა ოლიმპიადას მიერ დაარსებულ დედათა მონასტერში დააბრძანეს.
ღირსი ევპრაქსია წმიდა კეთილმსახური მეფის, თეოდოსი დიდის (379-395) ნათესავის, კონსტანტინოპოლელი დიდებულის, ანტიგონეს ასული იყო.
მდიდარი და გავლენიანი ანტიგონე და მისი მეუღლე ევპრაქსია ღვთისმოშიშებითა და გულმოწყალებით გამოირჩეოდნენ. თავიანთ ერთადერთ ასულსაც მათ ევპრაქსია დაარქვეს. ანტიგონე მალე გარდაიცვალა, რის შემდეგაც დედა განერიდა სასახლის კარს და თავისი სამფლობელოების მოხილვის საბაბით ასულთან ერთად ეგვიპტეს მიაშურა. აქ, თებაიდის მახლობლად, მდებარეობდა ტაბენისის დედათა მონასტერი მკაცრი ტიპიკონით. მოწესეთა ცხოვრებამ მიიზიდა კეთილმსახური ქვრივი. მან ისურვა, დახმარებოდა ამ სავანეს, მაგრამ იღუმენია თეოდულამ იუარა - განაცხადა, რომ მონაზვნები მთლიანად უფალს იყვნენ მინდობილნი და არანაირი მიწიერი საუნჯის მოხვეჭა არ სურდათ. წინამძღვარმა მხოლოდ სანთელი, საკმეველი და ზეთი შეიწირა.
ამ დროს პატარა ევპრაქსია შვიდი წლისა იყო. მას მოეწონა მონაზვნური ცხოვრება და ისურვა, სავანეში დარჩენილიყო. დედამ შვილს სთხოვა, თავმდაბლი ყოფილიყო, არასოდეს ეფიქრა თავის კეთილშობილურ წარმოშობაზე და გულმოდგინედ შედგომოდა უფლისა და დების მსახურებას. მალე ევპრაქსია-უფროსი (ხს. 12 იანვარს) გარდაიცვალა. როცა ამის შესახებ შეიტყო, მეფე თეოდოსიმ მის ასულს ეპისტოლე გაუგზავნა და შეახსენა, რომ ხუთი წლის ასაკში მშობლებმა იგი ერთი სენატორის ძეზე დანიშნეს, და ახლა მას სურს, რომ ევპრაქსიამ დედ-მამის დადებული პირობა შეასრულოს. საპასუხო ეპისტოლეში წმიდანმა მეფეს აუწყა, რომ იგი უკვე ქრისტეს სასძლოთა რიცხვს შეერთო და სთხოვდა, მემკვიდრეობით მისთვის გადმოცემული მამულები ეკლესიისა და გლახაკებისთვის დაენაწილებინა.
ევპრაქსია სულ უფრო და უფრო ამკაცრებდა ღვაწლს. თავდაპირველად იგი დღეში ერთხელ ღებულობდა საზრდელს, შემდეგ - ორ-სამ დღეში ერთხელ, ბოლოს კი - კვირაში ერთხელ. ნეტარი გულმოდგინედ მუშაობდა საცხობში, ჭურჭელს რეცხავდა, სათავსოებს გვიდა, სიყვარულით ემსახურებოდა დებს.
ადამიანთა მოდგმის მტერი მრავალ ბოროტებას შეამთხვევდა ნეტარ დედას: ერთხელ, როცა ჭიდან წყალს იღებდა, შიგ ჩავარდა და დებმა გადაარჩინეს; საცხობისთვის შეშის ჩეხვის დროს ფეხზე ნაჯახი დაირტყა და მძიმედ დაშავდა; კიბიდან გადმოვარდა და თვალი დაიზიანა... ყველა ამ განსაცდელს ევპრაქსია მოთმინებით იტანდა. დაუცხრომელი ღვაწლისთვის უფალმა სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა თავის რჩეულს: მისი ლოცვით ყრუ-მუნჯი და დავრდომილი ბავშვი განიკურნა, ეშმაკეული ქალი ბოროტის ტყვეობიდან გათავისუფლდა... მონასტერში სნეულთა მოყვანა დაიწყეს შემწეობის მიღების იმედით... ევპრაქსია კი სულ უფრო და უფრო თავმდაბალი ხდებოდა და თავს ცოდვილთა შორის უკანასკნელად თვლიდა. წმიდა დედის აღსასრულამდე ცოტა ხნით ადრე იღუმენიამ იხილა ჩვენება: გაბრწყინებულ დარბაზში ევპრაქსიამ თაყვანი სცა საყდარზე მჯდომ, ანგელოზებით გარშემორტყმულ მეუფეს, ყოვლადწმიდა ქალწულმა კი ქრისტეს სასძლოს მისთვის განმზადებული ნათელი სამყოფელი მოახილვინა და უთხრა, რომ ათი დღის შემდეგ აქ დაივანებდა. იღუმენია და დები მწარედ ტიროდნენ - არ სურდათ ევპრაქსიასთან განშორება. თავად წმიდანიც, როცა ხილვის შესახებ შეიტყო, ატირდა, რადგან მარადისობაში გადასასვლელად თავი მოუმზადებლად მიაჩნდა. ევპრაქსიამ თავი შეუძლოდ იგრძნო, ლოგინად ჩავარდა და ათი დღის შემდეგ - ოცდაათი წლის ასაკში - მშვიდობით მიიცვალა (+413).
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.