წმიდა მოწამე იულიანე ანტონინუს პიუსის (138-161) მეფობის დროს ეწამა იტალიაში, კამპანიის პროვინციაში. მმართველმა ფლაბიანემ განკარგულება გასცა, მოეძებნათ ქრისტიანები და მის წინაშე წარედგინათ. სწორედ ამ დროს ჩავიდა იქ დალმაციიდან ქრისტიანი ჭაბუკი იულიანე და შემხვედრ მეომრებს თბილად მიესალმა: „მშვიდობა თქვენდა, ძმებო!“ პასუხად სადაურობა და აღმსარებლობა გამოჰკითხეს ნეტარს. მაცხოვრის სახელისთვის წამებისა და სიკვდილის მაძიებელმა ყმაწვილმაც დაუფარავად აღიარა ქრისტე. მხედრები გააოცა მისმა ვაჟკაცობამ, მაგრამ მაინც შეიპყრეს და მმართველს მიჰგვარეს, თან ეუბნებოდნენ: „ვნახოთ, მართლა გინდა კი ჯვარცმულისთვის სიკვდილი?!“
იულიანე მხურვალედ ევედრებოდა უფალს, სატანჯველის ბოლომდე დათმენის უნარი მიემადლებინა მისთვის. წრფელი გულით აღვლენილი ლოცვა შესმენილ იქნა და ზეგარდმო გაისმა: „ნუ გეშინინ, იულიანე, მე შენთან ვიქნები და მოგანიჭებ ძალას და მხნეობას!“ ნეტარი ჭაბუკი დილეგში ჩააგდეს და შვიდი დღე უჭმელ-უსმელი ამყოფეს. უფლის ანგელოზი უზიდავდა საზრდელს და განამტკიცებდა აღმსარებელს.
მმართველმა ბრძანა, ხეზე მიეკრათ ჭაბუკი და ეგვემათ. ქრისტეს ტარიგმა კი ლოცვა დაიწყო და კვლავ ჩაესმა: „ნუ გეშინინ, იულიანე, მტკიცედ დეგ!“ ამის შემდეგ სულიერ ძალებგანახლებული მარტვილი ირგვლივ შემოჯარულ ბრბოს მიუბრუნდა: „სასმენელნი მომაპყარით, საბრალონო! თქვენივე ხელით ქმნილ კერპებს კი ნუ სასოებთ, ჭეშმარიტი, ცისა და ქვეყნის შემოქმედი ღმერთი სცანით!“ საოცარი ძალით წარმოთქმულმა ამ სიტყვებმა ოცდაათზე მეტი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. დილით, როცა იულიანეს წამება განაახლეს, ქალაქში ხმა გავარდა, სერაპისის ბომონი მასში აღმართული კერპითურთ დაიმსხვრაო. ყველანი გაოცდნენ, ქრისტიანებმა კი გაიხარეს და ადიდეს ჭეშმარიტი ღმერთი. წარმართებმა მომხდარი იულიანეს ჯადოქრობას მიაწერეს და მოითხოვეს, დაეჩქარებინათ მისი სიკვდილით დასჯა. მტარვალებმა გადაწყვიტეს, დამსხვრეული ბომონის ადგილას მოეკლათ ქრისტეს ტარიგი. აღსასრულის წინ მან მუხლი მოიდრიკა, ილოცა და კიდევ ერთხელ შეიქნა ღირსი უტკბესი ზეციური ხმის გაგონებისა, რომელიც სასუფევლისკენ მოუწოდებდა.
წმიდა მოწამე ევსტათი მხედარი იყო. ქრისტეს აღიარებისთვის იგი შეიპყრეს და ქალაქ ანკვირიის მმართველს მიჰგვარეს. დაკითხვაზე წმიდანმა მტკიცედ აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება, რისთვისაც მრავალგვარი სატანჯველი დაატეხეს თავს. ნეტარი დაუნდობლად გვემეს, ქუსლები გაუბურღეს, ბაწრით შეკრული მიათრიეს მდინარე საგკის (სანგარის) ნაპირამდე. აქ ევსტათი ხის ყუთში ჩაჭედეს და ზღვაში მოისროლეს, მაგრამ უფლის ანგელოზმა კიდობანი ნაპირზე გამორიყა. ამ სასწაულით შეძრწუნებულმა მმართველმა თავი დამარცხებულად იგრძნო, იძრო მახვილი და მოისწრაფა სიცოცხლე. ნეტარი ევსტათი გაბრწყინებული სულით შეერთო უფალს (+დაახლ. 316). მარტვილის წმიდა ნაწილები ქალაქ ანკვირიაში დაკრძალეს.
წმიდა მოწამე აკაკი ქრისტეს აღსარებისთვის შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს. სამი მმართველი ამაოდ ცდილობდა, კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე დაეყოლიებინა იგი: მმართველმა ლიკინიუსმა სასტიკად აწამა წმინდანი. შემდეგ კი მმართველ ტერენტიუსთან გაგზავნა. ამ უკანასკნელის ბრძანებით, ნეტარი ადუღებული კუპრითა და ქონით სავსე ქვაბში ჩააგდეს, საიდანაც იგი სრულიად უვნებელი ამოვიდა. წმიდანი წარმართულ ტაძარში შეიყვანეს, მაგრამ მისი ლოცვით შიგ აღმართული ყველა კერპი შეიმუსრა, უფლის რჩეული მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ ნეტარს არც ნადირებმა დააკარეს პირი. ამის შემდეგ ქრისტეს ტარიგი გახურებულ ღუმელში შეაგდეს და, როცა, ყველას გასაოცრად, არც ახლა დაუშავდა რამე, მმართველი თავად მიუახლოვდა ქურას იმის გასარკვევად, საკმარისად იყო თუ არა იგი გახურებული. უფალმა, რომელიც მადლის საბურველით იფარავდა თავის რჩეულს, უსჯულოს რისხვა დაატეხა თავს: მას, დაფუფქულს, იქვე აღმოხდა სული. მაშინ წმიდა აკაკი ვინმე პოსიდონიუსს გადასცეს საწამებლად, რომელმაც მძიმე ბორკილები დაადო და ქალაქ მილეტში გაგზავნა. ღვთის სათნომყოფელმა ლოცვის ძალით აქაც შემუსრა კერპები. ბოლოს გაავებულმა მტარვალებმა აკაკის თავი მოჰკვეთეს (+დაახლ.321). ხუცესმა ლეონტიმ მისი წმიდა ნეშტი ქალაქ სინადში (მცირე აზია) მიაბარა მიწას.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.