წმიდა მოწამე კალინიკე დაიბადა კილიკიაში. კეთილმსახურმა მშობლებმა იგი ქრისტეს სარწმუნოების ერთგულებით აღზარდეს. წმიდანი ფეხის ყოველ ნაბიჯზე ხედავდა კერპთმსახურთა უგუნურებას და გადაწყიტა, მოციქულებრივი ღვაწლი ეტვირთა. იგი დაუზარლად დადიოდა სოფლიდან სოფელში, ქალაქიდან ქალაქში და დაუცხრომლად ქადაგებდა სახარების სწავლებას. ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობის დროს, ქალაქ ანკვირიაში ნეტარი კალინიკე სამსჯავროზე წარადგინეს, ქრისტიანთა სასტიკი მდევნელის, საკერდონის წინაშე. წამებისა და სიკვდილის მუქარით უღმრთო ხელისუფალი აიძულებდა უფლის რჩეულს, მსხვერპლი შეეწირა კერპებისთვის, მაგრამ წმიდანი მტკიცედ იდგა სარწმუნოებაზე. განრისხებული მმართველის ბრძანებით წმიდა კალინიკე დაუნდობლად გვემეს ხარის ძარღვებით, მაგრამ იგი სიმშვიდითა და მოთმინებით იტანდა ტკივილებს. ამან კიდევ უფრო გაააფთრა საკერდონი. მან განკარგულება გასცა, წვერწამახულ ლურსმნებგაჩრილი ჩექმები ჩაეცვათ მარტვილისთვის და მათრახების ცემით წაეყვანათ დასაწვავად. წამებისგან დაუძლურებული, ფეხებდაფლეთილი და დასისხლიანებული კალინიკე უდრტვინველად მიჰყვებოდა ცხენზე ამხედრებულ მეომრებს. ჯალათები საშინელ გვალვაში წყურვილისაგან გაითანგნენ და ტყვეს უთხრეს, ჭეშმარიტების დასამტკიცებლად უფლისგან წყლის აღმოცენება გამოეთხოვა. კალინიკემ ილოცა, და ლოდიდან მართლაც გადმოხეთქა საკვირველმა წყარომ. აღსრულებული სასწაულით გაოგნებული მეომრები თანაგრძნობით განიმსჭვალნენ წმიდანის მიმართ, მისი გათავისუფლებაც კი დააპირეს, მაგრამ სასჯელის შიში ვერ დაძლიეს: მაინც გააგრძელებინეს გზა ნეტარს. როცა დასჯის ადგილამდე ჩააღწიეს, მტარვალებმა დიდი კოცონი გააჩაღეს კალინიკეს დასაწვავად. მანაც, სიხარულით აღვსილმა, მადლობა შესწირა უფალს მოწამეობრივი აღსასრულის მომადლებისათვის და თავად შევიდა ცეცხლში. მისი უხრწნელი ცხედარი კი მორწმუნეებმა პატივით მიაბარეს მიწას.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.