ღირსი მამები ისააკი, დალმატი და ფავსტო დალმატის სავანის იღუმენები იყვნენ. ერობაში ღირსი დალმატი წმიდა კეთილმსახური მეფის, თეოდოსი დიდის (379-395) ლაშქარში მსახურობდა. დაახლოებით 381-383 წლებში ნეტარი მამა განერიდა ამქვეყანას და ძესთან, ფავსტოსთან ერთად მართლმადიდებლობის ერთგული დამცველის, საკვირველთმოქმედი მამის, ისააკის (ხს. 22 მარტს და 30 მაისს) სავანეს მიაშურა კონსტანტინოპოლის მახლობლად. ღირსმა ისააკმა მამა-შვილი ბერად აღკვეცა, რის შემდეგაც ორივენი მკაცრ ასკეტურ ცხოვრებას შეუდგნენ. ერთხელ დიდმარხვაში ღირსმა დალმატიმ ორმოცი დღე გაატარა საზრდელის გარეშე. სიკვდილის წინ, 383 წელს, წმიდა ისააკმა იღუმენად დაადგინა ღირსი დალმატი, რომლის სახელიდანაც სავანეს დალმატისა ეწოდა.
ღირსი დალმატი მტკიცედ იცავდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას 431 წელს გამართულ ეფესოს მესამე მსოფლიო კრებაზე, რომელმაც დაგმო ნესტორის მწვალებლური სწავლება. კრების შემდეგ წმიდა მამა დალმატის სავანის არქიმანდრიტად იქნა ნაკურთხი და ამ ხარისხში აღესრულა კიდეც 446 წელს, ოთხმოცდაათი წლის ასაკს მიღწეული.
წმიდა ფავსტოს შესახებ ცნობილია, რომ მამის მსგავსად, ისიც დიდი ასკეტი იყო. მამის სიკვდილის შემდეგ სავანეზე ზრუნვა მან გადაიბარა.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.