ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. მათე, მარკოზ და ლუკა მახარებლები მოგვითხრობენ, რომ იესო ქრისტემ თავისი სამი მოწაფე: პეტრე, იაკობი და იოანე მაღალ მთაზე აიყვანა და მათ წინაშე ფერი იცვალა: „და გაბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ, ვითარცა ნათელი“ (მათე; 17,2). ლუკა მახარებელი კი გვეუბნება, რომ ქრისტეს ფერისცვალება ლოცვისას მოხდა: „და იყო ლოცვასა მას მისსა ხილვა პირისა მისისაჲ სხუა და სამოსელი მისი სპეტაკ და ელვარე“ (ლუკა; 9,29). მაცხოვარმა ფერი იცვალა მოწაფეთა რწმენის განსამტკიცებლად, რათა ისინი, როცა მოძღვრის ჯვარცმასა და სიკვდილს იხილავდნენ, მიმხვდარიყვნენ, რომ ეს ყოველივე კაცობრიობის ცოდვებისაგან გამოხსნისათვის იყო აუცილებელი.
როცა იესო ქრისტე მოციქულებს თავისი ღვთაებრივი დიდებით წარმოუდგა, მის გვერდით წინასწარმეტყველნი, მოსე და ილია იდგნენ: „და აჰა ეჩუენნეს მათ მოსე და ელია მის თანა და თანაზრახვიდეს“ (მათე 17.3). მახარებელი ლუკა იმასაც გვამცნობს, თუ რაზე ესაუბრებოდნენ ისინი უფალს: „იტყოდეს განსლვასა მას მისსა, რომელი ეგულებოდა აღსრულებად იერუსალ ჱმს“ (ლუკა; 9,31). განსვლაში აქ იგულისხმება სიკვდილის მეშვეობით ქრისტეს წასვლა მიწიერი ცხოვრებიდან, მისი აღდგომა და ზეცად ამაღლება.
მოციქულმა პეტრემ სთხოვა მოძღვარს, სამი კარავი დაედგათ ამ წმიდა ადგილას: „უფალო, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ და თუ გნებავს, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაჲსა“ (მათე; 17,4). მახარებელი მარკოზი უმატებს: „რამეთუ არა იცოდა, რაჲმცა მიუგო, რამეთუ იყვნეს შეშინებულ“ (მარკოზი; 9.6). იოანე ოქროპირის აზრით, პეტრეს სიტყვები, რომლითაც მან ქრისტეს მიმართა, მოწაფის სიყვარულსა და ამაღლებულ სულიერ მდგომარეობაზე მეტყველებს, რომლის მიზეზიც ხილვა იყო. არც მოციქულების შიშია გასაკვირი: ღვთაებრივ სილამაზესა და არამიწიერ სანახაობას შეეძლო, შეეშინებინა ისინი. უცებ გამოჩნდა ნათლის ღრუბელი და ღრუბლისაგან მოისმა ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ, მაგისი ისმინეთ“ (მათე; 17,5).
შიშისაგან პირქვედამხობილ მოციქულებთან იესო მივიდა, ხელი შეახო და უთხრა: „აღდეგით და ნუ გეშინინ“. როცა მათ თვალი გაახილეს, აღარსად იყვნენ მოსე და ელია, იესო მარტო იყო.
სახარებაში არსად არაა მითითებული, კერძოდ რომელ მთაზე ავიდა მაცხოვარი მოწაფეებთან ერთად. კირილე იერუსალიმელთან და იერონიმესთან გვხვდება ცნობა იმის თაობაზე, რომ ეს იყო თაბორის მთა. VI-VII საუკუნეებში მცხოვრები ზოგიერთი მოგზაური გვიდასტურებს, რომ მათი დროისათვის თაბორის მთაზე სამი ეკლესია იდგა თანახმად მოციქულ პეტრეს თხოვნისა, რომლითაც მან მაცხოვარს მიმართა.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.