საფარველი ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა. ეს დღესასწაული ღვთისმშობლის ერთი სასწაულებრივი გამოცხადების მოსაგონებლად დაწესდა: X საუკუნის შუა წლებში, კვირადღეს, 1 ოქტომბერს, ანდრია სალოსი (ხს. 2 ოქტომბერს) ღამისთევის ლოცვებს ესწრებოდა კონსტანტინოპოლის ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში, სადაც ინახებოდა ყოვლადწმიდა ქალწულის სამოსელი, თავსაბური და სარტყლის ნაწილი. ღამის ოთხ საათზე მან თვალები ზეცად აღაპყრო და იხილა ზეციური შუქით გაცისკროვნებული ღვთისმშობელი ანგელოზებისა და წმიდათა დასის თანხლებით. მას კრძალვით მოაბრძანებდნენ იოანე ნათლისმცემელი და იოანე ღვთისმეტყველი. ყოვლადწმიდამ მუხლი მოიყარა და დიდხანს ცრემლებით ავედრებდა უფალს საქრისტიანოს; შემდეგ ტრაპეზთან მივიდა და აქ განაგრძო ლოცვა, ბოლოს კი თავსაბური მოიხსნა და ტაძარში შემოკრებილ მლოცველებს გადააფარა. უბიწო ქალწული ღვთაებრივი დიდებით ბრწყინავდა, თავსაბური კი მის ხელში მზეზე უბრწყინვალესად ელვარებდა. ათრთოლებულმა ანდრიამ გვერდით მდგომ მოწაფეს, ეპიფანეს ჰკითხა: „ხედავ, ძმაო, მთელი სამყაროსთვის მლოცველ დედუფალსა და უფალს?“ „ვხედავ, წმიდაო მამაო, და ვძრწი“, - უპასუხა ეპიფანემ. ნეტარი ანდრია და ეპიფანე დიდხანს შესცქეროდნენ საკვირველ სახილველს.
ერთი ვარაუდით, ღვთისმშობლის საფარველის დღესასწაული რუსეთში დაწესდა, სხვები კი ფიქრობენ, რომ იგი ბერძნული წარმოშობისაა. საბერძნეთის ეკლესიაში XII საუკუნის I ნახევარში უნდა დაეწყოთ მისი აღნიშვნა. სავარაუდოა, რომ აქედან შევიდა იგი რუსეთშიც. შემდგომ ბერძნებს ეს დღესასწაული დავიწყებისთვის მიუციათ, დაკარგულა საღვთისმსახურო წიგნებიც, რომლებშიც ის იხსენიებოდა. დღეისთვის შემორჩენილი უძველესი წყაროები, სადაც ღვთისმშობლის საფარველის დღესასწაულია ნახსენები, რუსულია და XIII საუკუნის II ნახევრით თარიღდება.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.