წმიდა მოწამე მთავარდიაკონი ევპლიოსი ეწამა 304 წელს, იმპერატორების, დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) ზეობისას. იგი სიცილიის ქალაქ კატანში მსახურობდა. ნეტარ ევპლიოსს მუდამ თან დაჰქონდა სახარება და კერპთმსახურთა შორის უშიშრად ქადაგებდა ქრისტეს სწავლებას. ერთხელ, როცა წმიდანი ღარიბულ ქოხში შემოკრებილ ხალხს სახარებას უკითხავდა, იგი შეიპყრეს და ქალაქის თავს, კალვისიანეს მიჰგვარეს. ევპლიოსმა უშიშრად აღიარა ქრისტე და ამხილა წარმართთა უსჯულოება, რისთვისაც სასტიკი სატანჯველები დაატეხეს თავს, შემდეგ კი, სხეულდასერილი, საპყრობილეში ჩააგდეს. უფალმა თავის რჩეულს საკანში გრილი წყარო აღმოუცენა. მსაჯულის წინაშე ხელმეორედ წარმდგარმა, განმტკიცებულმა მთავარდიაკონმა კვლავ გაბედულად აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება და მტარვალი უდანაშაულო ქრისტიანების სისხლის ღვრაში ამხილა. მსაჯულმა ბრძანა, ჯერ ყურები დაეჭრათ ქრისტეს ტარიგისათვის, შემდეგ კი - თავიც მოეკვეთათ. სიკვდილით დასასჯელად გაყვანის წინ ნეტარს ყელზე სახარება დაჰკიდეს. გამოითხოვა რა დრო ლოცვისათვის, მან სახარება გაშალა და კვლავ ქადაგება დაიწყო. იმ დღეს მრავალმა წარმართმა ირწმუნა ქრისტეს მაცხოვარება. უეცრად ზეგარდმო გაისმა: „ნეტარ ხარ შენ, ევპლიოს, ჩემო სახიერო და ერთგულო მონავ, შემოვედ სიხარულსა უფლისა შენისასა!“ სულით განმხიარულებულმა მარტვილმა მადლობა შესწირა ზეცათა მეუფეს და მორჩილად მოუდრიკა ქედი მახვილს.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.