2 ტიმ. 292 დას. II, 1-10
შენ, შვილო ჩემო, განძლიერდი მადლითა იესუ ქრისტესითა, და რაჲ-იგი გესმა ჩემგან მრავლითა მოწამებითა, ესე შეჰვედრე მორწმუნეთა კაცთა, რომელნი შემძლებელ იყვნენ სხუათაცა სწავლად. შენ უკუე ჭირი დაითმინე, ვითარცა კეთილმან მოღუაწემან ქრისტე იესუჲსმან. არავინ მოღუაწე შეეყოფვის სოფლისა საქმეთა, რაჲთა ერისთავსა მას სათნო-ეყოს. და უკუეთუ ვინმე იღუწიდესცა, არა გჳრგჳნოსან იქმნების, არა თუ შჯულიერად იღუაწოს. მშრომელისა მის ქუეყანის მოქმედისაჲ ჯერ-არს პირველად ნაყოფისა მოღებაჲ. სცნობდ, რომელსა-ესე გეტყჳ. რამეთუ მოგცეს შენ უფალმან გულისჴმის-ყოფაჲ ყოველსა შინა. მოიჴსენე იესუ ქრისტე, აღდგომილი მკუდრეთით, ნათესავისაგან დავითისა, მსგავსად სახარებისა მის ჩემისა, რომელსა შინა ძჳრს ვიხილავ ვიდრე კრულებადმდე, ვითარცა ძჳრის-მოქმედი; არამედ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ არა შეკრულ არს. ამისთჳს ყოველსა დავითმენ რჩეულთა მათთჳს, რაჲთა მათცა ცხორებაჲ პოვონ ქრისტე იესუჲს მიერ დიდებასა თანა საუკუნესა.
ლკ. 63 დას. XII, 2-12
არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს. ამისათჳს რომელი ბნელსა შინა სთქუათ, ნათელსა შინა ისმეს, და რომელსა ყურსა ეტყოდით საუნჯეთა შინა, იქადაგოს ერდოთა ზედა. ხოლო გეტყჳ თქუენ, მეგობართა ჩემთა: ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი და ამისა შემდგომად ვერარაჲ აქუს უმეტესი, რაჲ გიყონ თქუენ. ხოლო გიჩუენო თქუენ, ვისა გეშინოდის: გეშინოდენ მისა, რომელსა შემდგომად მოწყუედისა ჴელ-ეწიფების შთაგდებად გეჰენიასა. ჰე, გეტყჳ თქუენ, მისა გეშინოდენ. ანუ არა ხუთი სირი განისყიდების ორის ასარის? და ერთიცა მათგანი არა არს დაფარულ წინაშე ღმრთისა. არამედ თმანიცა თავისა თქუენისანი ყოველნი განრაცხილ არიან. ნუუკუე გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ. ხოლო გეტყჳ თქუენ: ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდა მომართ წინაშე კაცთა, ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-იქმნეს იგიცა წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. და ყოველმან რომელმან თქუას სიტყუჲ ძისა მიმართ კაცისა, მიეტეოს მას. ხოლო სულისა წმიდისა მგმობარსა არა მიეტეოს. და ოდეს შეგიყვანნენ თქუენ შესაკრებელთა და წინაშე მთავართა და ჴელმწიფეთა, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ, ანუ რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ, ანუ რაჲ სთქუათ, რამეთუ სულმან წმიდამან გასწაოს თქუენ მას ჟამსა შინა, რაჲ-იგი სთქუათ.