წმიდა მოწამე იპოლიტე საპყრობილეთა უფროსად მსახურობდა რომში. იგი ქრისტიანობაზე წმიდა ლავრენტიმ (ხს. 10 აგვისტოს) მოაქცია. იპოლიტემ პატივით მიაბარა მიწას მოწამეობრივად აღსრულებული თავისი მოძღვრის ცხედარი. როცა ამის შესახებ იმპერატორ ვალერიანეს (253-259) მოახსენეს, მან შეაპყრობინა იპოლიტე და სიცილით ჰკითხა: „შენც ჯადოქარი ხომ არ გამხდარხარ, ლავრენტის გვამი რომ მოგიპარავს?“ პასუხად წმიდანმა გაბედულად აღიარა ქრისტე. მტარვალებმა არგნებით გვემეს ნეტარი, ის კი დაუდუმებლად ადიდებდა ქრისტეს. იმპერატორმა ბრძანა, სამხედრო ტანსაცმლით შეემოსათ წმიდა იპოლიტე, შემდეგ კი უთხრა: „გაიხსენე შენი ხარისხი და განაახლე ჩვენთან მეგობრობა: უწინდებურად ჩვენთან ერთად შესწირე მსხვერპლი ღმერთებს!“ მაგრამ მოწამემ უპასუხა: „მე ქრისტეს, ჩემი მაცხოვრის მხედარი ვარ და მისთვის მსურს სიკვდილი“. მაშინ იპოლიტეს მთელი ქონება ჩამოართვეს, მთელ მის სახლეულს თავები წარკვეთეს, ძიძა - კონკორდია წყალში დაახრჩვეს; თავად მარტვილი კი გახელებულ ცხენებს გამოაბეს, რომლებმაც მანამ ათრიეს ქვებზე, სანამ, სხეულდაფლეთილს და თავდაჩეჩქვილს, სული არ აღმოხდა. ეს მოხდა 258 წლის 13 აგვისტოს, წმიდა ლავრენტის მოწამეობრივი აღსასრულიდან სამი დღის შემდეგ.
ღამით ხუცესმა იუსტინემ მოწამეები ფარულად დაფლა სიკვდილით დასჯის ადგილას, წმიდა კონკორდიას ცხედარი კი უსჯულოებმა რომში შეურაცხ ადგილას დააგდეს. მალე ქრისტიანებმა, ირინეოსმა და აბუნდიმ ერთი მხედრისაგან გაიგეს ნეტარი მარტვილის ცხედრის ადგილსამყოფელი, კრძალვით წაასვენეს იგი და წმიდა იპოლიტეს გვერდით დაკრძალეს. ამისთვის ისინი, ისევე, როგორც კონკორდია, წყალში დაახრჩვეს 26 აგვისტოს. ქრისტიანებმა უფლის სათნომყოფელთა ცხედრები წმიდა ლავრენტის საფლავის სიახლოვეს მიაბარეს მიწას.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.