აღმოყვანება ნაწილთა წმიდისა მოციქულისა ბართლომესი. ბართლომე მოციქული ქალაქ ალბანში (დღევანდელი ბაქო) ეწამა ქრისტესთვის 71 წელს და იქვე დაკრძალეს. მის წმიდა ნაწილებთან ბევრი სასწაული აღესრულა და მრავალი უღმრთო მოექცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. იმპერატორ ანასტასის (491-518) დროს წმიდანის ნეშტი ქალაქ ანასტასიოპოლში გადაასვენეს.
როცა ანასტასიოპოლი სპარსეთის მეფე ხოსრომ დაიპყრო, ქრისტიანებმა წმიდა ბართლომეს ნაწილები შავი ზღვის სანაპიროსკენ წაასვენეს, მაგრამ უღმრთოები წამოეწივნენ და იძულებულნი გახდნენ, ლუსკუმა ტალღებისათვის მიეცათ (სხვა ცნობით, იგი თავად მოგვებმა ჩააგდეს წყალში). ბართლომეს ნეშტთან ერთად კიდევ ოთხი კიდობანი ჩაუშვეს ზღვაში - წმიდა მოწამეთა: პაპიანეს, ლუკიანეს, გრიგოლისა და აკაკის ნაწილებით. ღვთის ძალით ისინი არ ჩაიძირნენ, სასწაულებრივ გაცურდნენ და იტალიას მიაღწიეს. ლუსკუმა ბართლომეს უხრწნელი ნაწილებით კუნძულ ლაპარის ნაპირებს მიადგა, სხვა კიდობნებმა კი გზა განაგრძეს და იტალიის სხვადასხვა ადგილებში გაჩერდნენ. წმიდა მოციქულის ნეშტის მობრძანება სასწაულებრივი ჩვენებით გაუცხადდა ადგილობრივ ეპისკოპოს აღათონს, რომელიც ღვთისმსახურთა დასთან ერთად გავიდა ზღვის ნაპირზე, ლუსკუმა გამოასვენა წყლიდან და ზეიმით გადააბრძანა ტაძარში. მოციქულის უხრწნელი ნაწილებიდან მაკურნებელი მირონი გადმოდინდა. სიწმიდე ლიპარის ეკლესიაში IX საუკუნის შუა წლებამდე დარჩა; როცა კუნძული წარმართებმა დაიპყრეს, ქრისტიანმა ვაჭრებმა იგი ქალაქ ბენევენტუმში გადაასვენეს, სადაც მას დიდი პატივით შეეგებნენ და ქალაქის მთავარ ტაძარში მიუჩინეს ადგილი. ზოგი ცნობით, აქედან ბართლომე მოციქულის წმიდა ნეშტი (ან მისი ზოგიერთი წმინდა ნაწილი) X საუკუნეში რომში იქნა გადაბრძანებული.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.