წმიდა ლიბერიოს აღმსარებელი, რომის პაპი 352 წელს, პაპი იულიუსის სიკვდილის შემდეგ ჩაუდგა სათავეში რომის ეკლესიას. იგი გაბედულად იცავდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას არიანელთაგან. მწვალებლობისკენ მიდრეკილმა იმპერატორმა კონსტანციუსმა (337-361) ვერ შეძლო პაპი ლიბერიოსი მართლმადიდებლობის უარყოფაზეც დაეყოლიებინა და იგი ბერიაში (თრაკია) გადაასახლა, მაგრამ მალე რომაელთა დაჟინებული მოთხოვნით უკანვე გამოიწვია. დაბრუნებამდე მღვდელმთავარი ლიბერიოსი სირმიაში შეკრებილ მესამე, ნახევრად არიანულ კრებაზე გამოიძახეს და აიძულეს, ხელი მოეწერა მის დადგენილებებზე. შემდგომში წმიდა მღვდელმთავარი საშინლად ნანობდა თავის ამ საქციელს და სინანულის ღირსი ნაყოფის გამოსაღებად კიდევ უფრო მეტი მოშურნეობით იღვწოდა რომში მართლმადიდებლობის განმტკიცებისათვის. ნეტარი ლიბერიოსი 366 წელს მშვიდობით მიიცვალა.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.