წმიდა ალექსანდრე, იოანე და პავლე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქები, სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ, მაგრამ ყველა მათგანს მოუხდა ბრძოლა ერეტიკოსებთან, რომლებიც ამახინჯებდნენ ეკლესიის სწავლებას. წმიდა ალექსანდრე (325-340) ქორეპისკოპოსი იყო პირველი კონსტანტინოპოლელი პატრიარქის, მიტროფანეს (316-325) დროს და პატრიარქის მხცოვანების გამო ცვლიდა მას არიანელთა წინააღმდეგ გამართულ I მსოფლიო კრებაზე ნიკეაში (325). სიკვდილის წინ მღვდელმთავარმა მიტროფანემ დაიბარა, კონსტანტინოპოლის კათედრაზე მისი ქორეპისკოპოსი აერჩიათ. ამ ხანებში უწმიდეს პატრიარქ ალექსანდრეს უხდებოდა ბრძოლა არიანელებთან და კერპთმსახურებთან. ერთხელ, ერთ წარმართ ფილოსოფოსთან კამათში, მღვდელმთავარმა მას მიმართა: „ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, დადუმდე!“ და უღმრთოს ენა წაერთვა. შემდეგ მან უსიტყვოდ მიანიშნა, რომ აღიარებდა თავის ცდომას, მეტყველების უნარი დაუბრუნდა და სხვა წარმართ ფილოსოფოსებთან ერთად მოინათლა. მღვდელმთავარ ალექსანდრეს ლოცვით ღვთის სასჯელი დაატყდა თავს ერეტიკოს არიოზს. მან მოჩვენებით თანხმობა განაცხადა მართლმადიდებლებთან ურთიერთობაზე და წმიდა კონსტანტინე დიდმა მისი მიღების დღეც დანიშნა. ნეტარი ალექსანდრე მთელი ღამე ლოცვად იდგა და უფალს შესთხოვდა, არ დაეშვა ერეტიკოსის ცრუ კავშირი ეკლესიასთან. დილით, როცა მეფის მრჩევლებითა და საჭურველთმტვირთველებით გარშემორტყმული არიოზი საზეიმოდ მიემართებოდა ეკლესიისკენ, უეცრად კონსტანტინეს მოედანზე სნეულებამ დაჰრია ხელი, მუცელი გაუსკდა და შიგნეული გადმოუცვივდა.
მრავალგვარი ღვაწლით დამაშვრალი უწმიდესი პატრიარქი ალექსანდრე 340 წელს მიიცვალა, ოთხმოცდათვრამეტი წლის ასაკში.
მღვდელმთავარი იოანე ამ დღის მსახურებაში განდიდებულია თავისი მმარხველობით, გლახაკთმოყვარეობით და სასწაულებით, ამიტომ ზოგიერთი მას აიგივებს იოანე მმარხველთან (582-595, ხს. 2 სექტემბერს); სხვა ვარაუდებით, ის არის იოანე კაბადოკიელი (518-520), ან კიდევ პატრიარქი იოანე სქოლასტიკოსი (565-577).
მღვდელმთავარი პავლე წარმოშობით კვიპროსიდან იყო. იგი ხატმბრძოლი იმპერატორის, ლეონ IV ხაზარის (775-780) დროს აღსაყდრდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე (780-784). იგი სათნოებებით უხვად შემკული, კეთილმსახური, მაგრამ გაუბედავი ადამიანი იყო. ხედავდა რა იმ ტანჯვა-წამებას, რომელსაც მართლმორწმუნეები ითმენდნენ ხატთაყვანისცემის წესის ერთგულებისთვის, ნეტარი მამა მალავდა თავის მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და ხატმბრძოლებთან ურთიერთობაში იმყოფებოდა. იმპერატორ ლეონის სიკვდილის შემდეგ მას სურდა, აღედგინა ხატთაყვანისცემა, მაგრამ ვერ შეძლო განზრახვის განხორციელება, რადგან მწვალებლები უკვე მეტად მომძლავრებულიყვნენ. მღვდელმთავარი მიხვდა, რომ არ შეეძლო სამწყსოს წინამძღვრობა, ნებით დატოვა კათედრა, წმიდა ფლოროსის მონასტერს მიაშურა და სქიმა შეიმოსა. მან შეინანა თავისი კავშირი ხატმბრძოლებთან და წამოაყენა წინადადება ამ ერესის დასაგმობად VII მსოფლიო კრების მოწვევის აუცილებლობის შესახებ. საპატრიარქო ტახტზე წმიდა პავლეს შემდეგ, მისივე რჩევით, აღასაყდრეს მღვდელმთავარი ტარასი (784-806), რომელიც იმჟამად მეფის მრჩეველი იყო. პატრიარქი-სქიმოსანი 784 წელს მიიცვალა (მას „ახალს“ უწოდებენ წმიდა პატრიარქ პავლესგან (+350, ხს. 6 ნოემბერს, განსასხვავებლად).
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.