ღირსი სვიმეონ მესვეტე კაბადოკიის სოფელ სისანში დაიბადა ხელმოკლე ქრისტიანების, სუსოტიონისა და მართას ოჯახში. სიყმაწვილეში იგი მამის ცხვრის ფარას მწყემსავდა და ამ თავის პირველ მორჩილებას კეთილსინდისიერად აღასრულებდა. ერთხელ ტაძარში, საღვთო ლიტურგიაზე სვიმეონმა სახარებისეული ნეტარებები მოისმინა, გააოცა მათმა სიღრმემ და იქვე მდგომ ბერს სთხოვა საკითხავის განმარტება. სულიერებაში წარმატებული მოხუცის პასუხმა მასში ცათა სასუფევლის დასამკვიდრებლად ამსოფლის დატევების სურვილი აღძრა, სალოცავად განმარტოვდა და დიდხანს მხურვალედ შესთხოვდა უფალს, წინ გასძღოლოდა ღვთისმსახურების ამ ურთულეს გზაზე. როცა ლოცვაში დაქანცულს ჩაეძინა, სიზმრისეული ჩვენებით იხილა, თითქოს რომელიღაც შენობისთვის საძირკველს თხრიდა. რამდენჯერმე გაჩერდა, რადგან ჩათვალა, რომ თხრილის სიღრმე საკმარისი იყო, მაგრამ გვერდით მდგომი კაცი საფუძვლის კიდევ უფრო და უფრო გაღრმავებას ავალებდა. ბოლოს სვიმეონი შეუჩერებლად შეუდგა თხრას და მანამ მუშაობდა, სანამ იმავე ხმამ არა „ჰრქუა კმაყოფაჲ სიღრმისაჲ და მიერითგან ამცნო შენებაჲ“. ამ ჩვენებით ჭაბუკმა გულისხმაყო, რომ ცხონებისთვის დაუცხრომელი და მოუწყინებელი ღვაწლი იყო საჭირო.
ხილვის შემდეგ უფლის რჩეული წამოდგა, მახლობლად მდებარე მონასტერს მიაშურა და შვიდი დღე ჭიშკართან მდგომი, მშიერ-მწყურვალი ცრემლებით ითხოვდა მიღებას. კვირის თავზე იგი საძმოში ჩარიცხეს. თვრამეტი წლის ასაკში სვიმეონი უკვე ბერად აღიკვეცა და მალე მკაცრი ცხოვრებით ყველა ძმას გადააჭარბა. ის იმდენად მკაცრად ეპყრობოდა საკუთარ თავს, რომ წინამძღვარი შეშინდა, სხვები, უფრო სუსტები, მისი მიბაძვით თვითმკვლელობამდე არ მისულიყვნენ და წმიდანს სავანის დატოვება უბრძანა. ახოვანმა მოსაგრემ ბევრი იხეტიალა უდაბნოსა და მთებში, ბოლოს კი ერთი ამომშრალი ჭის ფსკერზე დამკვიდრდა. რამდენიმე ხნის შემდეგ იღუმენმა ჩვენებით იხილა ანგელოზები, რომლებმაც მას სვიმეონის სავანეში დაბრუნება უბრძანეს. წინამძღვარმაც ძმებთან ერთად მოძებნა სიკვდილის პირას მისული მამა და მონასტერში მიიყვანა, მაგრამ აქ იგი დიდხანს არ დარჩენილა. უფლის რჩეულმა დაბა ტალანისის მახლობლად მდებარე ვიწრო გამოქვაბულს შეაფარა თავი, სადაც სამი წელი დაჰყო დაუცხრომელ ღვაწლში. ერთხელ მან გადაწყვიტა, მთელი დიდმარხვის მანძილზე არანაირი საჭმელი და სასმელი არ მიეღო. ღვთის შეწევნით შეასრულა კიდეც განზრახვა და ამის შემდეგ ყოველ წელიწადს წმიდა ორმეოცს ასე ატარებდა. ამასთან, ოცი დღე ფეხზე მდგომი ლოცულობდა, ოცი დღე კი - იჯდა. სამი წლის შემდეგ წმიდა სვიმეონმა მთის წვერზე დაიწყო მოსაგრეობა. აქ მასთან უამრავი ხალხი მიდიოდა სხვადასხვა ქვეყნიდან, თან ყველას კურთხევის მისაღებად წმიდანთან შეხება სურდა. ასეთმა თაყვანისცემამ და შფოთმა მეტად დაამძიმა ნეტარი და სათავე დაუდო მანამდე არნახულ ღვაწლს: ააგო ექვსი წყრთის სიმაღლის სვეტი, ზედ მოწყობილ ვიწრო სენაკში დამკვიდრდა და გაძლიერებულ ლოცვასა და მარხვას მიეცა. სვეტი თანდათან მაღლდებოდა: იგი ჯერ ოც, შემდეგ კი - ოცდათექვსმეტ წყრთამდე გაიზარდა. ღირსი მამა მოთმინებით იტანდა ზაფხულის პაპანაქებასა და ზამთრის სუსხს, მისი საზრდელი გამხმარი ხილი და წყალი იყო.
სვიმეონის ამგვარი ჯერ არ გაგონილი ღვაწლის შესახებ უდაბნოში მცხოვრებმა მამებმა შეიტყვეს და გამოცდის მიზნით სვიმეონთან მოციქულები გაგზავნეს, „რაჲთა შეჰრისხნენ მას უცხოჲსა მისთჳს მოგონებისა და ასწაონ სლვად გზასა განტკეცილსა, რომელი წარუვლიეს სხუათა წმიდათა პირველ მისსა“; თან წარგზავნილები დაარიგეს, რომ თუ სვიმეონი არ მოუსმენდა მათ, ძალით ჩამოეყვანათ სვეტიდან, ხოლო თუ ჩამოსვლას მოისურვებდა, დაეტოვებინათ, რადგან მაშინ ცხადი გახდებოდა, რომ მისი მოღვაწების ახალი სახე ღვთისგან იყო. როცა მოციქულები მივიდნენ წმიდანთან და მამათა კრებულის გადაწყვეტილება ამცნეს, მან მაშინვე ჩამოსვლა დააპირა. ეს რომ იხილეს, მივლინებულებმა შეაჩერეს იგი, მამათა ნება განუცხადეს და „ჰლოცვიდეს მას სამარადისოდ და შეუცვალებელად დგომად სვეტსა მას ზედა“.
ბოროტი გამუდმებით ცდილობდა, შეერყია წმიდანის სიმტკიცე, მაგრამ ნეტარი უფლის შემწეობით ყოველთვის სძლევდა საცდურებს. ერთხელ ეშმაკმა ანგელოზის სახე მიიღო, ცეცხლოვან ცხენებშებმულ ეტლში ეჩვენა სვიმეონს და ამცნო, შენი წმიდა ცხოვრება იმდენად სათნოეყო უფალს, რომ ზეცაში შენს ცოცხლად ასატაცებლად გამომგზავნაო. უფლის რჩეული ცდუნდა და მარჯვენა ფეხი გადადგა ეტლზე დასადგმელად, თან პირჯვარი გადაისახა, მაშინ დემონი გაქრა. სვიმეონი მიხვდა, რომ ყველაფერი მტრის ხრიკები იყო.
ღირსმა სვიმეონმა ოთხმოცი წელი დაჰყო ბერულ ღვაწლში, მათგან ორმოცდაშვიდი წელი სვეტზე იდგა. უფლისგან წინასწარცნობისა და სასწაულთქმედების ნიჭით დაჯილდოებული მოღვაწე საოცარი თავმდაბლობითა და გულისხმიერებითაც გამოირჩეოდა.
ღირსმა სვიმეონმა 459 წელს ლოცვაში შეჰვედრა სული უფალს. მისი ნეშტი ანტიოქიის პატრიარქმა მარტვირიუსმა (456-468) სასულიერო პირთა და ხალხის სიმრავლის თანხლებით სვეტის სიახლოვეს მიაბარა მიწას. შემდგომში ნეტარი მამის ღვაწლის ადგილას მისმა მოწაფემ, ანტონიმ მონასტერი დააარსა.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.