მღვდელმოწამე ანთიმოზი, ნიკომიდიელი ეპისკოპოსი და მასთან სხვა მოწამეები მაშინ აღესრულნენ ქრისტესთვის, როცა დიოკლეტიანე და მაქსიმიანე (284-305) გააფთრებით იბრძოდნენ ქვეყანაში ჭეშმარიტი სარწმუნოების აღმოსაფხვრელად. ქრისტიანთა დევნის გამძაფრების საბაბად მტარვალებმა ნიკომიდიის საიმპერატორო სასახლის დაწვა გამოიყენეს. უღმრთოებმა ხანძრის გაჩენაში ქრისტიანებს დასდეს ბრალი და ენით აუწერელი სისასტიკით დაიწყეს მათთან ანგარიშსწორება. ამან ვერ შეაკრთო მართლმორწმუნეები: ისინი მტკიცედ აღიარებდნენ ქრისტეს და სიხარულით ეწირებოდნენ მსხვერპლად მაცხოვარს. ამ დროს ეწამნენ: წმიდა დოროთე, მარდონიოსი, მიგდონიოსი, პეტრე, ინდისი და გორგონიოსი. მხედარი ზენონი იმპერატორის გაბედული მხილებისათვის ქვებით ჩაქოლეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს. იმავე ხანებში აღესრულნენ წარმართთა ხელით ყოფილი ქურუმი, წმიდა ქალწული დომნა და წმიდა ექვთიმე, რომლებიც მოწამეთა ცხედრებს კრძალავდნენ. ეპისკოპოსი ანთიმოზი სამწყსოს მოთხოვნით ნიკომიდიის მახლობელ სოფელში იყო გახიზნული, საიდანაც ეპისტოლეებით მიმართავდა მორწმუნეებს და სიმტკიცისკენ მოუწოდებდა. დიაკონ თეოფილესთვის გამოტანებული ერთ-ერთი ეპისტოლე უსჯულოებს ჩაუვარდათ ხელში და იმპერატორ მაქსიმიანეს გადასცეს. თეოფილე დაკითხვაზე წარადგინეს და წამებით ამოხადეს სული, მაგრამ წმიდა მღვდელმთავრის ადგილსამყოფელი მაინც ვერ ათქმევინეს. რამდენიმე ხნის შემდეგ მაქსიმიანემ მაინც შეიტყო, სად იმყოფებოდა ნეტარი ანთიმოზი და მის შესაპყრობად მხედართა რაზმი გაგზავნა. ეპისკოპოსი მეომრებს გზაში შეხვდა, მაგრამ მათ ვერ იცნეს იგი, წმიდანმა მთელი რაზმი ისტუმრა, კეთილად უმასპინძლა და მხოლოდ შემდეგ გაუმხილა თავისი ვინაობა. მხედრები შეწუხდნენ, სურდათ, დაეტოვებინათ მღვდელმთავარი და იმპერატორისთვის განეცხადებინათ, იგი ვერ ვიპოვეთო; მაგრამ წმიდა ანთიმოზი ამაზე არ დათანხმდა. მეომრებმა ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ. ეპისკოპოსმა აიძულა ისინი, უღმრთო ხელისუფლის განკარგულება შეესრულებინათ. როცა ანთიმოზი იმპერატორთან წარადგინეს, მან ბრძანა, საწამებელი იარაღები მოეტანათ და მარტვილის წინ დაეწყოთ, რაზეც წმიდანმა განაცხადა: „მეფეო, ნუთუ გგონია, რომ იარაღებით შემაშინებ? არა, არ შეძრწუნდება ის, ვინც თავად ეძიებს ქრისტესთვის სიკვდილს. სასიკვდილო სასჯელს მხოლოდ სულმოკლეები უფრთხიან, ვისთვისაც წარმავალ ცხოვრებაზე ძვირფასი არაფერია!“ მაშინ თვითმპყრობელის ბრძანებით ნეტარი მღვდელმთავარი სასტიკად აწამეს და თავი მოჰკვეთეს (+302).
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.