უკან დაბრუნება

დღესასწაული ღმრთისმშობლის ხატისა „მაყვალი შეუწველი“ (1680).

სასწაულთმოქმედი ხატი მოსკოვში, ხამოვნიკზე მდებარე შეუწველი მაყვალის სახელობის ეკლესიაში იმყოფება. ღვთისმშობელს ხშირად უწოდებენ შეუწველ მაყვალს და მას ცეცხლოვანი ნათლით განათებულს გამოსახავენ. ღვთისმშობლის წინასახე მოსე წინასწარმეტყველმა იხილა მაყვალში, რომელიც ენთო და არ იწვოდა. მაყვალი ანთია და არ იწვის, ქალწული შობს და ქალწულადვე რჩება. ეს ხატი რვაქიმიანი ვარსკვლავის სახითაა გამოსახული, რომელიც ორი წვერწამახვილებული ოთხკუთხედისგან შედგება, მათგან ერთი წითელი ფერისაა, რომელიც მოგვაგონებს იმ ცეცხლს, – მოსეს მიერ ხილული მაყვალი რომ მოიცვა და რომელშიც ის ალით გარშემორტყმული, დაუწველი დარჩა. რვაკუთხედის შუაგულში, როგორც მაყვალში, ყრმა ღმერთთან ერთად ყოვლადწმინდა ქალწულია გამოსახული. წითელი ოთხკუთხედის კუთხეებში კი – ადამიანი, ლომი, ზვარაკი და არწივი, როგორც ხილული ნიშნები ოთხი მახარებლის მონათხრობის თავისებურებებზე – ღვთაებრივი და უსხეულო ცეცხლის ცხოვრებისა და სწავლების შესახებ, ყოვლადწმინდა ქალწულმა თავის წიაღში დაუწველად რომ მიიღო.

წმინდა წინასწარმეტყველისა და ღვთისმეტყველის მოსეს გამო, რომელიც ღირსი გახდა შეუწველ მაყვალში ძე ღვთისას მიერ ადამიანთა მოდგმის სამომავლო ხსნა განეჭვრიტა, ამ ხატის დღესასწაული 4 სექტემბერსაა დადგენილი.

მოსკოვის შეუწველი მაყვალის ეკლესიაში ამ სახელწოდების ორი ხატია დაცული. ერთი მათგანი, რომლის სიმაღლე – არშინი და 12 გოჯი, ხოლო სიგანე არშინი და 7 გოჯია, ძველი, მაღალოსტატური ხატწერული სტილითაა შესრულებული. ამ ხატის წარმოშობის შესახებ გადმოცემა არსებობს: მეფე თეოდორე ალექსის ძის მერემეთუხუცესი დიმიტრი კოლოშინი მეტად მდიდარი კაცი, განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა ღვთისმშობლის ხატს – შეუწველ მაყვალს, რომელიც მეფის სასახლის სამლოცველოში იყო მოთავსებული და ყოველთვის, როცა სასახლეში მიდიოდა ან გამოდიოდა იქიდან, მის წინაშე მხურვლედ ლოცულობდა. ერთხელ მეფე უმიზეზოდ განურისხდა და თავიც ვერაფრით იმართლა. მან შეუწველი მაყვალის წინაშე კიდევ უფრო გულმხურვალე ლოცვა აღავლინა და ზეციურ დედოფალს შემწეობა სთხოვა, მისი ლოცვა შეისმინა ყოვლადწმინდამ. ღვთისმშობელი სიზმრად გამოეცხადა მეფეს და კოლოშინის უდანაშაულობა ამცნო. საქმის გამოძიების შემდეგ მეფემ ეს ირწმუნა და მას ძველი თანამდებობა დაუბრუნა. შუამდგომელისათვის მადლობის ნიშნად კოლოშინმა მეფისგან შეუწველი მაყვალის ხატი გამოითხოვა და მის სახელზე მარკოზ მახარებლის ეკვდერში ეკლესია დააარსა. ეს ტაძარი დღემდე არსებობს.

ამ ხატის დღესასწაული 4 სექტემბრის გარდა აღდგომიდან მე–6 კვირასაც აღესრულება. იმიტომ, რომ ამ კვირაში წმინდა ხატი ლიტანიით გადააბრძანეს კოლოშინის მიერ აგებულ ტაძარში და მისი კურთხევაც აღსრულდა.

შეუწველი მაყვალის ეკლესიის მრევლი ირწმუნება, რომ მათთან ხანძარი თითქმის არასდროს ჩნდება, თუმცა ეს ადგილი – ეკლესია და სამრევლო მთლიანად ხის ნაგებობებითაა გაშენებული. მოსკოვის შეუწველი მაყვალის ეკლესიაში ამ ხატის განსაკუთრებული ხელნაწერი კანონი არსებობს. კანონის დასაწყისში არს წარწერა: ,,ეს მსახურება სინას წმინდა მთაზე იგალობება, როცა ჭექა–ქუხილი საშიში ხდება.’’

მეორე ხატი ამავე ეკლესიაში – ბერძნული ხატწერითაა შესრულებული, სიმაღლეც და სიგანეც 7–7 გოჯი აქვს. ხატზე ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ყრმა–ღმერთით ხელშია გამოსახული, ხოლო მის წინაშე მუხლმოდრეკით მლოცველი ადამიანი მოჩანს. ეს ხატი ტაძარს 1835 წელს მოსკოველი მეშჩანი ქალის, ქალწულ ალ.ნ. კუნიცინის ანდერძისამებრ შესწირეს. ხატის წინაშე მლოცველთა რაოდენობა განსაკუთრებით 1837 წელს გაიზარდა.

შეუწველი მაყვალი – ქ. სლავინსკში

ხარკოვის ეპარქიის ქ. სლავიანსკშიც იმყოფება შეუწველი მაყვალის სასწაულთმოქმედი ხატი. 1822 წელს, როცა ქალაქი ხშირი ხანძრების გამო დიდი განსაცდელის წინაშე იდგა და ხალხი შიშის ძრწოლას მოეცვა, ის განსაკუთრებული გამოცხადების შედეგად ერთმა ღვთისმოსავმა მოხუცმა ქალმა ბელნიცკიმ დაწერა, რომელსაც ამის შესახებ სიზმრად ეუწყა. იმავე დღეს, როცა ხატის წინაშე პარაკლისი იგალობეს და აკურთხეს, იპოვეს პიროვნება, ვინც ცეცხლს ხელოვნურად აჩაღებდა და ხანძრებიც შეწყდა. შეშლილი დედაკაცი მავრა, რომელიც ქალაქის გადაწვას ცდილობდა, მეთვაყურეობის ქვეშ აიყვანეს, მასზე დიდი ხანია ეჭვი ჰქონდათ, მაგრამ ვერ რწმუნდებოდნენ, რომ ამდენს გაბედავდა, ბოლოს იგი თვითონვე გამოტყდა. მოსახლეობამ ამ საშინელი უბედურებისგან ხსნის სამადლობელად ხატს კიოტი შესწირა, ხოლო ვერცხლის მოოქროვილი პერანგი ვაჭარმა მისიშევმა გაიღო. კიოტზე არის წარწერა: ,,1822 წელს ქალაქის ხანძრისგან ხსნის მოსახსენალად.’’

მოამზადა თეონა ნოზაძემ