ღირსი ამონი, მონაზონთა წოდების ერთ-ერთი დამფუძნებელთაგანი, ეგვიპტეში დაიბადა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ მასზე ზრუნვა ბიძამ იტვირთა და ქრისტიანული ღვთისმოშიშებით აღზარდა. წმიდანი ბიძის სურვილითვე დაქორწინდა, მაგრამ, ქალწულებრივი ცხოვრების მოსურნემ, ცოლი უბიწოების დამარხვაზე დაიყოლია. მეუღლეებმა თითქმის ორი ათეული წელი იღვაწეს ფარული ქალწულებრივი სიწმინდით, მარხვით, ლოცვითა და შრომით, შემდეგ კი, ცალ-ცალკე განაგრძეს მოსაგრეობა. ამონის მეუღლე სახლში დარჩა და აქ დედათა სავანე მოაწყო, თავად ამონმა კი ნიტრიის უდაბნოს მიაშურა, სადაც 22 წელი დაჰყო, სულიერ სრულყოფილებას მიაღწია და სასწაულთქმედებისა და განჭვრეტის ნიჭი მოიგო.
ღირსი მამა ხშირად აკითხავდა ხოლმე ანტონი დიდს (ხს. 17 იანვარს) ლოცვა-კურთხევის მისაღებად. ერთხელ წმიდანთან მიმავალ მოსაგრეს უდაბნოში გზა დაებნა და დამაშვრალმა მხურვალედ შესთხოვა უფალს დახმარება. ლოცვის პასუხად ღრუბლებში გამოჩნდა ხელი, რომელმაც ნეტარს სავალ გზაზე მიანიშნა და წინ უძღოდა მას მანამ, სანამ მამა ანტონის მღვიმე არ გამოჩნდა.
ღირსი ამონი დაახლოებით 350 წელს გარდაიცვალა. ანტონი დიდმა იხილა, თუ როგორ ამაღლებდნენ ანგელოზები ზეცად მის სულს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.