წმიდა მოწამე იულიანე ხუცესი და კესარიოს დიაკონი მოციქულთა სწავლების უშუალო გამგრძელებელი და მქადაგებელი წმიდა მამები მოწამეობრივად აღესრულნენ ქრისტესთვის.
კესარიოსი იტალიის ქალაქ ტარაკინიაში (შემდგომ - ტერაცინა) შეიპყრეს და აპოლონის ტაძარში წაიყვანეს, მაგრამ წმიდანის მოახლოებისთანავე საკერპო ჩამოიქცა და შიგ შეკრებილი ხალხი და ქურუმები ქვეშ მოიყოლა. ამ დროს კერპთმსახურებმა შეიპყრეს ქრისტიანი ხუცესი იულიანე. იმპერატორის ბრძანებით ორივე მოწამე ზღვაში დაახრჩვეს, მაგრამ, ღვთის ნებით, მათი წმიდა ცხედრები წყლის ზედაპირზე ამოტივტივდა. მართლმორწმუნეებმა ისინი წაასვენეს და პატივით დაკრძალეს. ნეტარი კესარიოსის უხრწნელი ნაწილები ამჟამად რომშია დაცული.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.