წმიდა მოწამენი ევლამპი და ევლამპია და-ძმანი იყვნენ და ქალაქ ნიკომიდიაში ცხოვრობდნენ IV საუკუნეში. როცა იმპერატორმა მაქსიმიანემ (284-305; 307-310) გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ყველა ქრისტიანი სიკვდილით უნდა დაესაჯათ, ევლამპიმ საჯაროდ ამხილა თვითმპყრობელი, რომელიც ქვეყნის მტრების ნაცვლად საკუთარ ქვეშევრდომებს უცხადებდა ბრძოლას. ამისთვის ნეტარი შეიპყრეს, სამსჯავროზე წარადგინეს და ქრისტეს უარყოფა მოსთხოვეს. როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღეს, უღმრთოებმა ჯერ რკინის იარაღებით სასტიკად აწამეს წმიდა აღმსარებელი, შემდეგ კი გახურებულ რკინის სარეცელზე დააწვინეს. უეცრად მარტვილმა წარმართულ ტაძარში წაყვანა ითხოვა. მსაჯულებმა გაიხარეს - იფიქრეს, რომ წმიდანის სულის სიმტკიცე შერყეული იყო, მაგრამ მარსის საკერპოში შესულმა ევლამპიმ შერისხა კერპი: „უტყვო და უსულო კერპო, უფალ იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, მტვრად იქცე!“ კერპი კვარცხლბეკიდან გადავარდა და დაიმსხვრა. გაოცებულმა ხალხმა იხუვლა: „ერთ არს ღმერთი ქრისტიანეთა, დიდი და ძლიერი!“ ამ დროს წმიდა მოწამის და, ევლამპიაც წარდგა მსაჯულთა წინაშე და განაცხადა, რომ ისიც ქრისტიანი იყო. ევლამპი ამხნევებდა ნეტარს: „ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი, ხოლო სულისა ვერ ჴელ-ეწიფების მოკლვად“ (მთ. 10,28). წამების შემდეგ უფლის რჩეულები გახურებულ ქურაში შეყარეს, მაგრამ უვნებლად გადარჩნენ. ბოლოს ძმას თავი მოჰკვეთეს, დას კი წამებით ამოხადეს სული.
ეს მოხდა 303, სხვა ცნობით კი - 311 წელს.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.