უკან დაბრუნება

კოლ. 251 დას. I, 18-23. ლკ. 61 დას. XI, 42-46 (ოთხშ,).

251 დას. I, 18-23

18. და იგი არს თავი გუამისა მის ეკლესიისაჲ, რომელი არს დასაბამი, პირმშოჲ მკუდრეთით, რაჲთა იყოს იგი თავადი ყოველსა შინა მთავარ; 19. რამეთუ მას შინა სათნო-იყო ყოველივე სავსებაჲ დამკჳდრებად 20. და მის მიერ დაგებად ყოველი მისა მიმართ, მშჳდობა-ყო სისხლითა მით ჯუარისა მისისაჲთა მის მიერ, გინა თუ ქუეყანასა ზედა, გინა თუ ცათა შინა. 21. და თქუენ ოდესმე იყვენით უცხო-ქმნულ და მტერ გონებითა თქუენითა საქმეთა მათ შინა ბოროტთა, 22. ხოლო აწ დაგიგნა გუამითა მით ჴორცთა მისთაჲთა სიკუდილისა მიერ და წარგადგინნა თქუენ წმიდად და უბიწოდ და უბრალოდ წინაშე მისსა, 23. უკუეთუ ეგნეთ სარწმუნოებასა ზედა დაფუძნებულნი და დამტკიცებულნი და შეურყეველნი სასოებისა მისგან სახარებისა, რომლისაჲ გესმა, ქადაგებულისაჲ ყოვლისა შორის დაბადებულისა ცასა ქუეშე, რომლისა ვიქმენ მე, პავლე, მსახურ.

ლკ. 61 დას. XI, 42-46

42. ვაჲ თქუენდა, ფარისეველნო, რამეთუ ათეულსა აღიღებთ პიტნაკისა და ტეგანისასა და ყოვლისა მხლისასა და თანა-წარჰვალთ სამართალსა და სიყუარულსა ღმრთისასა. ესე ჯერ-იყო ყოფად და იგი არა დატევებად. 43. ვაჲ თქუენდა, ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ გიყუარს თქუენ ზემოჯდომაჲ შესაკრებელთა შორის და მოკითხვაჲ უბანთა ზედა. 44. ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ ხართ, ვითარცა საფლავნი უჩინონი, და კაცნი ზედა ვლენან და არა იციან. 45. მიუგო სჯულის-მეცნიერმან ვინმე და ჰრქუა მას: მოძღუარ, მაგას რაჲ იტყჳ, ჩუენცა გუაგინებ. 46. ხოლო თავადმან ჰრქუა მას: თქუენდაცა, სჯულის-მეცნიერთა, ვაჲ არს, რამეთუ აღჰკიდით კაცთა ტჳრთი ძნიად სატჳრთავი და თქუენ ერთითაცა თითითა არა შეახით ტჳრთსა მას.