ღირსი ანტონ ჭყონდიდელი - საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწე - დაიბადა სამეგრელოს მთავრის, ოტია დადიანის მრავალშვილიან ოჯახში. დედა - გულქანი - რაჭის ერისთავის შოშიტა III-ის ქალიშვილი იყო. ოჯახში ხუთი ვაჟი და ერთი ასული - მარიამი იზრდებოდა (შემდგომში იმერეთის დედოფალი, ცოლი სოლომონ დიდისა). შვილებს პირველდაწყებითი განათლება დედამ მისცა. ის იყო ძველი დედების ტრადიციების გამგრძელებელი ქალი, რომლის ცოცხალი სარწმუნოება და კეთილი საქმეები მისაბაძი იყო ყველასათვის. მამის გარდაცვალების შემდეგ ახალგაზრდა ანტონი (მისი საერო სახელი უცნობია) ძმის, კაცია დადიანის კარზე იზრდებოდა. მას საერო მოღვაწედ ამზადებდნენ და ამიტომაც საღვთო წერილსა და მამათა შრომებზე უფრო ღრმად საერო მწერლობა, პოეზია, ფილოსოფია და ხელოვნება შეასწავლეს. ანტონი ფლობდა თათრულ ენასაც, რომელიც იმ დროისათვის ძალზე პრესტიჟული და აუცილებელი იყო, მაგრამ მოხდა ისე რომ ანტონმა მონაზვნობა გადაწყვიტა და მალე აღიკვეცა კიდეც.
მონაზვნად შემდგარმა ანტონმა მომეტებულად იგრძნო წყურვილი საეკლესიო განათლებისა. მან მიმართა მარტვილის ბერებს, რომელთა ხელმძღვანელობითაც ეცნობოდა წმიდა მამათა თხზულებებს. განათლების შესავსებად მას მიჰგვარეს ფრანგი მისიონერები, რომელთაც მისთვის უნდა ესწავლებინათ სქოლასტიკური ფილოსოფია. ანტონს არც ფრანგების ქცევა მოეწონა და არც მათი სწავლება, მან შეიტყო, რომ ფრანგი ბერები მწვალებლობის ღვარძლს ურევდნენ მართლმადიდებლურ მოძღვრებაში. ერთხელ, სადილობის დროს, ანტონმა უთხრა ლათინ ბერს: „თუ შეგიძლია ამ წყლიან ჭიქაში ღვინო ჩაასხა ისე, რომ ერთმანეთში არ გაერიოს?“ ლათინმა მოძღვარმა უპასუხა, რომ ეს შეუძლებელია. მაშინ ანტონმა უთხრა: „როგორც ერთ ჭიქაში წყალი და ღვინო არ ჩაისხმის ისე, რომ ერთმანეთში არ გაერიოს, აგრეთვე ერთი კაცის გონება ვერ დაიტევს მართლმადიდებლურ და მწვალებლურ მოძღვრებებს ისე, რომ ერთი მეორეს არ გაჰრიოსო“, - და ამ დღიდან დაითხოვა ლათინი ბერი.
სწავლის სურვილი არ ასვენებდა ანტონს. „ურვა მქონდა სწავლისა და მკურნალს ვეძიებდ“, - წერს თავად. ამ დროს სამეგრელოში გაიგეს, რომ აღმოსავლეთ საქართველოში გაიხსნა საფილოსოფოსო სკოლა და 1757 წლის ახლო ხანებში ანტონი გაემგზავრა თბილისს, მეფე ერეკლე II-ის კარზე, რომელსაც ცოლად ჰყავდა მისი მამიდა დარეჯანი.
სამეგრელოში დაბრუნების შემდეგ, 1761 წელს ღირს ანტონს ხელი დაასხეს ცაგერის ეპისკოპოსად. 1765 წელს ანტონ ცაგარელს მოუხდა თბილისში წასვლა: ერეკლეს და, ელისაბედი, მისთხოვდა ანტონის ძმას, კაცია დადიანს. წირვის დროს ახალგაზრდა ანტონს ხელში მისცეს დაუწერელი ქაღალდი. მაშინდელი ჩვეულებით, ეს იმას ნიშნავდა, რომ მას ქადაგება უნდა წარმოეთქვა. ეს მოხდა სულთმოფენობის დღეს. ანტონს ისე ლამაზად და ბრძნულად უქადაგია, რომ აღტაცებულ კათოლიკოსს იგი ამბიონზე გადაუკოცნია.
1777 წელს გარდაიცვალა ჭყონდიდელი გრიგოლი, ბეჟან დადიანის ძე. იმავე წელს ჭყონდიდის ტახტზე ავიდა ანტონ ცაგარელი, ხოლო ცაგერის კათედრა მიიღო მისმა ნათესავმა სოფრონმა.
ანტონ ჭყონდიდელის ქადაგებას განუზომელი გავლენა ჰქონდა მსმენელებზე. მის მარხვისაგან გალეულ პირისახეზე აღბეჭდილი იყო ანგელოზებრივი სათნოება. საოცრად კეთილი მღვდელმთავრის ბრძანებით, ჭყონდიდელის რეზიდენციაში ყოველდღე მზადდებოდა სადილი ღარიბ-ღატაკთათვის. ამ წესს შემდგომ ყველა ჭყონდიდელი იცავდა.
XVIII საუკუნეში სამეგრელოში ზოგიერთმა დიდებულმა შემოიღო ტყვეთა გაყიდვის უსაშინლესი წესი. ანტონი მტკიცედ აღუდგა წინ ამ ბოროტ ჩვეულებას. ის შეაჩვენებდა ტყვეების მსყიდველთ. მათ სახლში მღვდელს არ შეუშვებდა. სოფელში ეკლესიას დაკეტავდა. 1792 და 1794 წელს ანტონის თავმჯდომარეობით ჩატარდა ადგილობრივი კრება, რომელმაც მკაცრი განაჩენი გამოუტანა ტყვეთა მსყიდველებს. სასტიკი ზომები მიზანს აღწევდა: დამნაშავენი შენდობას თხოულობდნენ, საკანონოს იხდიდნენ და გაყიდულ ტყვეს გამოიხსნიდნენ ხოლმე.
1789 წელს მიტროპოლიტმა ანტონმაც დატოვა ჭყონდიდის კათედრა, უბრალო მონაზვნური ღვაწლი იტვირთა და მის მიერვე აშენებულ ნახარებაუს მონასტერში განმარტოვდა. მან ეს მონასტერი გაამდიდრა სიწმიდეებით, ძველი ხატებით, დიდძალი მამულებით და გლეხებით. ჭყონდიდელობიდან გადადგომის წინა წელს (1788 წ.) მთავარს, კაცია დადიანს, ყველა საეკლესიო მამული გაათავისუფლებინა საერო გადასახადებისგან. წმიდა ანტონს მუდამ გვერდით ედგა უახლოესი მეგობარი და თანაშემწე, მღვდელ-მონაზონი იაკობი, რომლის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები არ მოგვეპოვება.
ღირსი ანტონი ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა 1815 წელს მის მიერვე აშენებულ მონასტერში, დაკრძალულია იქვე.
„ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.