წმიდა მოწამენი: კარპოსი, თიატირელი ეპისკოპოსი, პაპილა დიაკონი, აღათოდორე და აღათონიკა ერთი ცნობით, იმპერატორ მარკუს ავრელიუსის (160-181) ზეობისას, სხვა წყაროს მოწმობით კი - დეკიუსის (249-251) მეფობაში, 251 წელს ეწამნენ ქრისტესთვის.
ოლქის მმართველმა, სადაც უფლის რჩეულები ცხოვრობდნენ, შეიტყო, რომ კარპოსი და პაპილა წარმართულ დღესასწაულებში არ მონაწილეობდნენ და ბრძანა, მისთვის მოეგვარათ კანონის დამრღვევები. მსაჯულის ბრძანებით წმიდანები გააშიშვლეს და ბორკილებასხმულებს შემოატარეს მთელი ქალაქი. შემდეგ ისინი ცხენებზე გამოაბეს და თიატირიდან (ლიდია) მომიჯნავე ქალაქ სარდში წაათრიეს. მარტვილებს ნებით თან გაჰყვა მათი მსახური - აღათოდორე, რომელიც ჯალათებმა ხარის ძარღვების ცემით მოკლეს. კარპოსი და პაპილა წამების შემდეგ მიზიის ქალაქ პერგამონში გაგზავნეს. აქ წმიდანები საშინლად აწამეს და ბოლოს გახურებულ ღუმელში შეყარეს. ქურაში მარტვილებთან ერთად შევიდა წმიდა აღათონიკეც, მაგრამ ღვთის ნებით, ყველანი უვნებლად გადარჩნენ - უეცრად ზეცით გარდმომხდარმა ძლიერმა წვიმამ ცეცხლი ჩააქრო. უღმერთოებმა სამივეს თავები მოჰკვეთეს.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ