გალ. 203 დას. II, 16-20
16. და უწყით, რამეთუ არა განმართლდების კაცი საქმეთაგან შჯულისათა, გარნა სარწმუნოებითა იესუ ქრისტესითა, და ჩუენ იესუ ქრისტეს მიმართ გურწმენა, რაჲთა განვმართლდეთ სარწმუნოებითა ქრისტესითა და არა საქმეთაგან შჯულისათა; რამეთუ საქმეთაგან შჯულისათა არა განმართლდეს ყოველი ჴორციელი. 17. უკუეთუ მით ვეძიებდეთ განმართლებასა ქრისტეს მიმართ, ვიპოვნეთ ჩუენცა ცოდვილ; აწ უკუე ქრისტე ცოდვისა-მე მსახურ იქმნა? ნუ იყოფინ! 18. რამეთუ უკუეთუ რომელი-იგი დავარღჳე და კუალად მასვე ვაშენებდე, გარდამავალად შჯულისა თავი ჩემი შევირაცხო. 19. რამეთუ მე შჯულისათჳს შჯულითა მოვკუედ, რაჲთა ღმრთისა ვცხოვნდე. ქრისტეს თანა ჯუარ-ცუმულ ვარ. 20. ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე. ხოლო რომელ-ესე აწ ცხოველ ვარ ჴორცითა, სარწმუნოებითა ცხოველ ვარ ძისა ღმრთისაჲთა, რომელმან შემიყუარა მე და მისცა თავი თჳსი ჩემთჳს.
ლკ. 39 დას. VIII, 41-56
41. და აჰა ესერა მოვიდა კაცი, და სახელი მისი იაიროს, და ესე მთავარი იყო შესაკრებელისაჲ; და დავარდა ფერჴთა თანა იესუჲსთა და ევედრებოდა მას, რაჲთა შევიდეს სახლსა მისსა. 42. რამეთუ ასული მარტოჲ ესუა მას, რომელი იყო ათორმეტის წლის, და იგი მოკუდებოდა. და მისლვასა მას მისსა ერი იგი შეკრბებოდა მისა. 43. და იყო ვინმე დედაკაცი წყაროჲთა სისხლისაჲთა ათორმეტით წლითგან, რომელსა ყოველი მონაგები მისი წარეგო მკურნალთა ზედა, და ვერვის განეკურნა. 44. და მოვიდა ზურგით კერძო და შეახო ფესუსა სამოსლისა მისისასა. და მეყსეულად დასცხრა წყაროჲ იგი სისხლისა მისისაჲ. 45. და თქუა იესუ: ვინ შემახო მე? და ვითარცა უვარ-ჰყოფდეს ყოველნი, ჰრქუა პეტრე და მისთანათა: მოძღუარ, ერნი გარე მოგადგან და შეგაიწრებენ შენ, და შენ იტყჳ: ვინ შემახო მე? 46. ხოლო იესუ ჰრქუა: შე-ვინმე-მახო მე, რამეთუ მე ვცან ძალი, განსრული ჩემგან. 47. და იხილა რაჲ დედაკაცმან მან, რამეთუ არა დაეფარა, მოვიდა ძრწოლით და შეუვრდა მას და, რომლისა ბრალისათჳს შეახო, უთხრა წინაშე ყოვლისა ერისა, და ვითარ-იგი მეყსეულად განიკურნა. 48. ხოლო იესუ ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, ვიდოდე მშჳდობით! 49. და ვითარ იგი ეტყოდა ოდენ, მო-ვინმე-ვიდა შესაკრებელის-მთვარისაჲ მის და ჰრქუა მას, ვითარმედ: ასული შენი მოკუდა, ნუ დააშრობ მოძღუარსა. 50. ხოლო იესუს ვითარცა ესმა, ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, გარნა გრწმენინ, და ცხოვნდეს იგი. 51. და ვითარცა მოვიდა იესუ სახლსა მას, არავინ უტევა შესლვად მის თანა, გარნა პეტრე და იაკობ და იოვანე და მამაჲ და დედაჲ მის ყრმისაჲ. 52. სტიროდეს მას ყოველნი და ეტყებდეს. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ნუ სტირთ, რამეთუ ყრმაჲ ეგე არა მომკუდარ არს, არამედ სძინავს. 53. ხოლო იგინი ჰბასრობდეს მას, უწყოდეს, რამეთუ მომკუდარ იყო. 54. და თავადმან გამოასხა ყოველი და უპყრა ჴელი ყრმისაჲ მის და ჴმა-უყო: ყრმაო, აღდეგ! 55. და მოიქცა სული მისი, და მეყსეულად აღდგა. და უბრძანა, რაჲთა სცენ მას ჭამადი. 56. და განუკჳრდებოდა მამა-დედათა მისთა. ხოლო თავადმან ამცნო მათ, რაჲთა არავის უთხრან საქმე იგი.