წმიდა მოწამენი მარკიანე და მარტვირი კონსტანტინოპოლის საკათედრო ტაძარში მსახურობდნენ. მარკიანე მედავითნე იყო, მარტვირი კი - იპოდიაკონი; გარდა ამისა, ორივენი წმიდა პატრიარქის, პავლე აღმსარებლის (ხს. 6 ნოემბერს) ნოტარიუსების მორჩილება-საც აღასრულებდნენ - მათი ხელით იწერებოდა ნეტარი მღვდელმთავრის ეპისტოლეები არიანელთაგან დაბნეული სამწყსოსადმი.
მას შემდეგ, რაც ერეტიკოსებმა წმიდა პავლე სამეფო ქალაქიდან განდევნეს და მალულად მოკლეს, მისი კათედრა ადრიანელ მაკედონიუსს გადაეცა. მწვალებლები ჯერ მოსყიდვითა და პატივის აღთქმით ცდილობდნენ მარკიანესა და მარტვირის გადაბირებას, შემდეგ კი დაემუქრნენ, რომ წამებით ამოხდიდნენ სულს, მაგრამ ვერანაირმა მცდელობამ მათთვის სასურველი ნაყოფი ვერ გამოიღო: უფლის რჩეულები კვლავ ურყევად აღიარებდნენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და ხალხსაც მოუწოდებდნენ, მტკიცედ დაეცვათ ეკლესიის მამათა მიერ გადმოცემული სწავლების სიწმიდე. წმინდანებს სასიკვდილო სასჯელი გამოუტანეს. აღსასრულის წინ მარტვილებმა მხურვალედ სთხოვეს უფალს: „უფალო ღმერთო, რომელმან დაჰბადე გულნი ჩვენნი და გულისხმა-ყოფ საქმეთა ჩვენთა, მშვიდობით შეივედრე სულნი მონათა შენთანი, რამეთუ შენთვის მოვსწყდებით ჩვენ მარადღე, შევირაცხენით ჩვენ, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი“ (ფს. 32,15; 43,23). გვიხარის, რამეთუ ესევითარითა სიკვდილითა განვალთ ამა სოფლიდან სახელისა შენისათვის. ღირს გვყავ ზიარებად ცხოვრებისა საუკუნოისა შენთანა, წყაროო ცხოვრებისაო“. ლოცვის შემდეგ მოწამეებმა სიხარულით მიუპყრეს ქედი უსჯულოთა მახვილებს (+დაახლ. 355 წელს). მათი წმიდა ცხედრები მართლმორწმუნეებმა პატივით მიაბარეს მიწას. მოგვიანებით, წმიდა მღვდელმთავრის, იოანე ოქროპირის დროს, უფლის სათნომყოფელთა უხრწნელი ნაწილები მათ სახელზე აგებულ ტაძარში გადაასვენეს, სადაც წმიდანების ლოცვით მრავალი საკვირველი კურნება აღესრულა.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.