740 წელს კონსტანტინოპოლი და ბიზანტიის იმპერიის ბევრი ქალაქი შეძრა საშინელმა მიწისძვრამ. დედაქალაქში დაინგრა უამრავი შენობა, ჩამოინგრა თეოდოსის კედლის ნაწილი. ეს იყო ნიშანი მართლმადიდებლურ სიწმინდეთა მდევნელი, ხატმებრძოლი იმპერატორის, ლევ ისავრიელის მმართველობის დასასრულისა. იგი ამ მოვლენიდან რამდენიმე თვეში გარდაიცვალა.
ამ უბედურებისგან გადარჩენის აღსანიშნავად შეადგინეს ტროპარ-კონდაკი და საერთო საეკლესიო მოხსენიებებში შეიტანეს 740 წლის მიწისძვრის ხსენებაც.