მღვდელმოწამე ზინობი - ეგეის ეპისკოპოსი და ზინობია და-ძმანი იყვნენ. მართლმორწმუნე მშობლების მიერ ღვთისმოშიშებით აღზრდილმა და-ძმამ მემკვიდრეობით მიღებული მთელი ქონება გლახაკებს დაურიგეს. წმიდა ცხოვრებისათვის ზინობი ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. ნეტარი მღვდელმთავარი დაუცხრომლად ქადაგებდა ქრისტიანულ სარწმუნოებას წარმართთა შორის და ღვთისგან ბოძებული ნიჭით უსასყიდლოდ კურნავდა სნეულებს. როცა იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, წმიდა ზინობი შეიპყრეს და მმართველ ლისიუსის სამსჯავროზე წარადგინეს. უსჯულო ხელისუფალმა მღვდელმთავარს მიმართა: „სიტყვას არ გავაგრძელებ - გთავაზობ: სიცოცხლეს - თუ ჩვენს ღმერთებს თაყვანს სცემ და სიკვდილს - თუ არ სცემ თაყვანს“. ნეტარმა მიუგო: „ეს წარმავალი სიცოცხლე ქრისტეს გარეშე სიცოცხლე კი არა, სიკვდილია; მიჯობს, დროებითი სატანჯველები დავითმინო ჩემი შემოქმედისთვის და შემდგომ განუშორებლად მასთან ვგიებდე, ვიდრე უარვყო იგი წამიერი სიცოცხლის ფასად და ჯოჯოხეთის მარადიულ სატანჯველებს ვეზიარო“.
ლისიუსის ბრძანებით მღვდელმთავარი ჯვარზე გააკრეს. ეპისკოპოსის დამ, ზინობიამ ამხილა მტარვალთა სისასტიკე და ახოვნად აღიარა ქრისტე. ამისთვის უღმრთოებმა მასაც მრავალგვარი სატანჯველები დაატეხეს თავს. მოწამეებს ბოლოს თავები მოჰკვეთეს. ხუცესმა ერმოგენმა უფლის რჩეულთა წმიდა ცხედრები მიწას მიაბარა. ეს მოხდა 285 წელს.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.