წმიდა სტაქოსი (რომ. 16,9) ანდრია პირველწოდებულმა ბიზანტიის ეპისკოპოსად დაადგინა. აქ ნეტარი 16 წლის მანძილზე მოღვაწეობდა, მოშურნედ ქადაგებდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას, მრავალ წარმართს მოაქცევდა ქრისტიანობაზე, ბოლოს კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. წმიდა ამპლია (რომ. 16,8) ქალაქ დიასპოლის ეპისკოპოსი იყო, წმიდა ურბანოსი (რომ. 16,9) კი - მაკედონიისა. ისინიც წმიდა ანდრიამ აკურთხა მღვდელმთავრებად. სახარების სწავლების გავრცელებისთვის იუდეველებმა და ელინმა წარმართებმა უფლის მოწაფეები წამებით მოკლეს. წმიდა ნარკისი ათენის ეპისკოპოსი იყო, აპელოსი - თრაკიის ჰერაკლიისა, არისტობულე კი (რომ. 16,10) ბრიტანეთის მღვდელმთავარი იყო და იქვე მიიცვალა მშვიდობით (მის შესახებ იხილეთ 16 მარტის საკითხავში).
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.