წმინდა მოწამე ერმინინგელდი იყო გუთთა მეფის შვილი, იგი ესპანეთის ეპისკოპოსმა ლეანდრემ არიანელთა მწვალებლობიდან მართლმადიდებლობაზე მოაქცია. ერმინინგელდის მამა მტკიცედ იდგა არიანობაზე. ის ყოველმხრივ ეცადა, ძე კვლავ არიანელობაზე გადაედრიკა, მაგრამ ამაოდ. სარწმუნოებრივ ნიადაგზე მამა-შვილს შორის ატეხილი ბრძოლის დროს ერმინინგელდი შეიპყრეს და ბორკილებასხმული ვიწრო და ბნელ საკანში გამოამწყვდიეს. აღდგომის წინა დღეს პყრობილი მეფისწულის საზიარებლად არიანელი ეპისკოპოსი გაგზავნეს, მაგრამ უფლის რჩეულმა არ მიიღო ერეტიკოსი. გამძვინვარებულმა არიანელებმა ნეტარს თავი მოჰკვეთეს. ეს მოხდა 586 წელს, 13-14 აპრილს. ძის სარწმუნოების სიმტკიცითა და სიმამაცით გაოცებულმა მამამ შეინანა თავისი საქციელი, მაგრამ მართლმადიდებლობის მიღება ვერ გადაწყვიტა და ეპისკოპოს ლეანდრეს უბრძანა, მისი მემკვიდრე რიჰარდი მაინც მოექცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. გამეფების შემდეგ რიჰარდმა მთელს ქვეყანაში განამტკიცა მართლმადიდებლობა.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.