ღირსი იოანიკე დიდი დაიბადა ბითვინიის სოფელ მარიკატში 752 წელს. მისი მშობლები ისე ღარიბები იყვნენ, რომ შვილს დაწყებითი განათლებაც ვერ მიაღებინეს. იოანიკე ბავშვობიდანვე იძულებული იყო, ნახირი ემწყემსა, რაც მათი ოჯახის მთელს ავლადიდებას შეადგენდა. იგი ხშირად ჯვარს გადასახავდა ხოლმე საქონელს და განკრძალულ ადგილას განმარტოებული მთელი დღე ლოცულობდა. ამ დროს ნახირს არც მხეცი ეკარებოდა და არც მპარავი.
იმპერატორ ლეონ IV-ის (775-780) ბრძანებით ქვეყნის ქალაქებსა და სოფლებში დაგზავნილი ელჩები საუკეთესო ჭაბუკებს არჩევდნენ სამხედრო სამსახურისთვის. ყმაწვილი იოანიკეც იმპერატორის ლაშქარში ჩარიცხეს. მტრები ახოვანი მხედრის შიშით ძრწოდნენ, თანამოსაგრეებს კი გულწრფელად უყვარდათ იგი სიმშვიდისა და სიმდაბლის გამო. ამ ხანებში წმიდანი მკრეხელური ქადაგების გავლენით წმიდა ხატებისა და მათი თაყვანისმცემლების წინააღმდეგ აღმდგარ ხატმბრძოლ მწვალებლებს მიემხრო.
ერთხელ, როცა იგი თავის მხედრიონთან ერთად ოლიმპოს მთიდან მოდიოდა, ერთმა უცნობმა ბერმა სახელით უხმო: „შვილო იოანიკე, როგორ შეგიძლია ქრისტიანად იწოდებოდე და ქრისტე მაცხოვრის გამოსახულებები გძულდეს?“ იოანიკე მიხვდა თავის შეცდომას, სინანულში ჩავარდა და შემდგომში ჭეშმარიტი სარწმუნოების ერთგული დამცველი შეიქნა. წმიდანმა ექვსი წელი იმსახურა არმიაში, ზემდგომებმა და თავად იმპერატორმაც მისი მხედრული დამსახურება არაერთი ჯილდოთი აღნიშნეს, მაგრამ მისი სული ამქვეყნიურ პატივს ვერ ჰგუობდა - სულ სხვა სარბიელს ითხოვდა და უფალმაც თავისი მსახურებისკენ მოუწოდა.
ოცდაოთხი წლის იყო იოანიკე, როცა განერიდა ამსოფელს და უდაბნოში აპირებდა დამკვიდრებას, მაგრამ ერთმა წმიდა მოსაგრემ ურჩია, ჯერ მონასტრული ცხოვრების სკოლა გაევლო. წმიდანმა რამდენიმე წელი დაყო ძმათა კრებულში, წერა-კითხვას დაეუფლა, დავითის ოცდაათი ფსალმუნი ზეპირად ისწავლა და, ღვთის მინიშნებით, მხოლოდ ამის შემდეგ გავიდა სამოღვაწეოდ ერთ უდაბურ ადგილას. აქ ნეტარი საკუთარი ხელით გათხრილ მიწურში ცხოვრობდა. ვინმე მწყემსს თვეში მხოლოდ ერთხელ მიჰქონდა მასთან ცოტაოდენი პური და წყალი. უფლის რჩეული დღე და ღამ ლოცულობდა და ფსალმუნებს გალობდა; ყოველი ფსალმუნის შემდეგ აღავლენდა ლოცვას, რომელიც ოდნავი სახეცვლილებით დღემდე შემოინახა ეკლესიამ: „სასოება ჩემდა მამა, შესავედრებელ ჩემდა ძე, მფარველ ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო, დიდება შენდა“. მას შემდეგ, რაც იოანიკე შემთხვევით გადაეყარა თავის ყოფილ თანამებრძოლებს, მან დატოვა უდაბნო და კონტურიის მთებს მიაშურა. აქ უამრავი მხეცი და ქვეწარმავალი ბუდობდა, მაგრამ, ღვთის შეწევნით, წმიდანს ისინი არაფერს ვნებდნენ. ერთხელ, ზამთრის პირს, იოანიკე მაღლა, მთებში ღრმა გამოქვაბულს გადააწყდა და შიგ შევიდა. სიბნელეში მან რაღაც მანათობელი შენიშნა, მიუახლოვდა და დაინახა მიწაზე გაწოლილი უზარმაზარი გველი, რომელსაც თვალები გავარვარებული მუგუზლებივით უელავდა. წმიდა იოანიკე არ შეუშინდა ქვეწარმავალს, მღვიმის მარჯვენა მხარეს მიიდრიკა და მთელი ზამთარი აქ გაატარა, გველის სიახლოვეს.
ნეტარი თორმეტი წლის მოსაგრეობის შემდეგ აღიკვეცა ბერად. შემონაზვნების შემდგომი სამი წელი სრულ დაყუდებაში გაატარა, შემდეგ კი ქალკედონში გაემგზავრა დიდ მმარხველ გიორგისთან (ხს. 21 თებერვალს). უფლის რჩეულებმა სამი წელი იცხოვრეს ერთად. ამ ხნის მანძილზე ღირსმა იოანიკემ მთელი ფსალმუნი ზეპირად შეისწავლა. ღრმად მოხუცებული წმიდანი ბოლოს ანტიდიევის სავანეში დამკვიდრდა და სიცოცხლის ბოლომდე დაყუდებაში იმყოფებოდა.
მოღვაწეობის სამოცდაათი წლის მანძილზე ღირსმა იოანიკემ სულიერი სრულყოფის მაღალ საფეხურს მიაღწია. წმიდანის მოწაფის, პახუმის მოწმობით, მან წინასწარცნობის მადლი მოიგო. ლოცვის დროს ნეტარი ჰაერში მაღლდებოდა; ერთხელ ადიდებული მდინარე ფეხით გადაიარა. მას შეეძლო, ადამიანთათვის უხილავი გამხდარიყო და სხვებიც უჩინო ექმნა: ასე მაგალითად, ერთხელ პყრობილი ბერძნები მრავალრიცხოვანი მცველების თვალწინ გამოიყვანა სატუსაღოდან. შხამი და ცეცხლი, რომლითაც მოშურნეები წმიდანთან ანგარიშის გასწორებას ცდილობდნენ, მას ვერაფერს ვნებდა. ცნობილია, რომ უფლის რჩეულმა კუნძული თასოსი ურიცხვი გველისგან გაათავისუფლა.
წმიდა მოსაგრემ წინასწარ განჭვრიტა თავისი მიცვალების დღე და გარდაიცვალა 846 წლის 4 ნოემბერს, ერთი ცნობით - ოთხმოცდათოთხმეტი, სხვა წყაროს მოწმობით კი - ასთხუთმეტი წლის ასაკში.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.