წმიდა მოწამე ორესტი კაბადოკიის ქალაქ ტიანში ცხოვრობდა III საუკუნის დასასრულს, იმპერატორ დიოკლეტიანეს ზეობისას. იგი დახელოვნებული მკურნალი იყო.
უსჯულო იმპერატორის ბრძანებით, ქრისტიანობასთან საბრძოლველად ქალაქ ტიანში გაიგზავნა მხედართმთავარი მაქსიმინე. ორესტი ერთ-ერთი პირველთაგანი წარდგა მისი სამსჯავროს წინაშე. მაქსიმინეს განკარგულებით წმიდანი მდიდრულ წარმართულ ტაძარში შეიყვანეს და კერპების თაყვანისცემა მოსთხოვეს. უფლის რჩეულმა უარი განაცხადა, რისთვისაც სასტიკი სატანჯველები დაატეხეს თავს: ორმოცი მხედარი მონაცვლეობით გვემდა მას არგნებით და ხარის ძარღვებით, შემდეგ კი ცეცხლით დაუწყეს წამება. წმიდა ორესტი ლოცულობდა: „უფალო, ყავ ჩემ თანა სასწაულ კეთილ, და იხილედ მოძულეთა ჩემთა და ჰრცხუენოდინ“. უეცრად მიწა იძრა, კერპები ჩამოცვივდა და დაიმსხვრა. შეშინებული ხალხი საკერპოდან გაიქცა. როცა წმიდა ორესტიმ დატოვა იქაურობა, ტაძარიც ჩამოიქცა.
გააფთრებულმა მაქსიმინმა ბრძანა, წმიდა მოწამე ერთი კვირა საპყრობილეში უსმელ-უჭმელად გამოემწყვდიათ, მერვე დღეს კი კვლავ საწამებლად გაეყვანათ. ნეტარს ლურსმნები ჩააჭედეს ქუსლებში, შემდეგ კი გაუხედნავ ცხენს შეაბეს და მიწაზე ათრიეს. ამგვარ ტანჯვაში აღმოხდა სული უფლის რჩეულს 304 წელს. მისი ნატანჯი სხეული ზღვაში გადააგდეს.
ამის შემდეგ მრავალი საუკუნე გავიდა. ერთხელ, 1685 წელს, კიევო-პეჩორის ლავრის ბერს, დიმიტრის (შემდგომ - როსტოვის მიტროპოლიტი, ხს. 28 ოქტომბერს), რომელიც ძველი ხელნაწერიდან წმიდა ორესტის ცხოვრებას იწერდა, დაქანცულობისგან ჩათვლიმა. სიზმრისეულ ჩვენებაში მის წინაშე წმიდა მოწამე წარდგა, უჩვენა ღრმა ჭრილობა მკერდზე, იდაყვებთან გადაჭრილი ძარღვები, გადამსხვრეული წვივები და უბრძანა, შეევსო მისი ცხოვრება, რადგან ხელნაწერებში სრულად არ იყო აღწერილი ის სატანჯველები, რომლებიც მან დაითმინა. მდაბალმა ბერმა სიხარულით შეასრულა წმიდა ორესტის ბრძანება.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.