მართლმორწმუნე მეფე იუსტინიანე I და დედოფალი თეოდორა. ბიზანტიის წმიდა იმპერატორი იუსტინიანე წარმოშობით ბულგარეთიდან, სრედეცის (დღევანდელი სოფია) მახლობლად მდებარე სოფელ ბერდიანიდან იყო. კეთილმსახური ხელისუფალი გულმოდგინედ იღვწოდა ქვეყანაში მართლმადიდებლური სარწმუნოების განსამტკიცებლად, მისი მეფობის დროს (527-565) ბიზანტიამ ბრწყინვალე სამხედრო გამარჯვებები მოიპოვა სპარსეთში, აფრიკასა და იტალიაში, რაც დიდად უწყობდა ხელს წარმართული სარწმუნოების აღმოფხვრას ვანდალებსა და ვესტ-გუთებს შორის. მეფე იუსტინიანეს ბრძანებით ათენში წარმართული სკოლები დახურეს. მან მცირე აზიაში ქრისტიანობის განსამტკიცებლად გაგზავნა ეფესელი ეპისკოპოსი იოანე, რომელმაც სამოცდაათ ათასზე მეტი კაცი მონათლა. მეფემ ბრძანა, ახალმოქცეულთათვის ოთხმოცდაათი ტაძარი აეგოთ და უხვად შეეწეოდა საეკლესიო მშენებლობას იმპერიაში. მისი დროის ხუროთმოძღვრების საუკეთესო ნიმუშებად ითვლება მონასტერი სინას მთაზე და წმიდა სოფიას ტაძარი კონსტანტინოპოლში. მრავალმხრივ განათლებული იმპერატორი გულმოდგინედ იღვწოდა ღვთისმსახურთა და ბერმონაზონთა განათლებაზე - ბრძანა, მათთვის ესწავლებინათ რიტორიკა, ფილოსოფია და ღვთისმეტყველება.
ცრუსწავლების წინააღმდეგ წმიდა იუსტინიანემ შექმნა საგალობელი „მხოლოდშობილი ძე და ღვთისა სიტყვა“ და დააკანონა მისი გალობა ეკლესიებში. ამ დროიდან მოყოლებული დღემდე ეს საგალობელი სრულდება საღვთო ლიტურგიის დროს, მცირე გამოსვლის წინ. იმპერატორის ბრძანებით, 553 წელს მოწვეულ იქნა V მსოფლიო კრება, რომელმაც დაგმო ორიგენეს ცრუსწავლება და დაამტკიცა ქალკედონის IV კრების დადგენილებანი. წმიდა იუსტინიანე ზრუნავდა სახელმწიფოში წესრიგის, სამართლისა და კანონიერების დასაცავად. მისი ხელმძღვანელობითა და ზედამხედველობით შედგა რომაულ კანონთა კრებული, რომელმაც ჩვენამდე „იუსტინიანეს კოდექსის“ სახელწოდებით მოაღწია.
პირად ცხოვრებაში იუსტინიანე მკაცრი ქრისტიანული კეთილმსახურებით გამოირჩეოდა. მან 505 წელს შეჰვედრა სული უფალს.
წმიდა ეკლესიამ იმპერატორთან ერთად წმიდანად შერაცხა მისი მეუღლე და თანამოაზრე თეოდორაც. ნეტარი თეოდორა მიიცვალა 548 წელს.
აღება შობის მარხვისა. 14 ნოემბრის შემდეგ იწყება შობის მარხვა, რომელსაც სხვაგვარად ფილიპეს მარხვასაც უწოდებდნენ, რადგან 14 ნოემბერი - ფილიპე მოციქულის ხსენების დღეა. ეს მარხვა, რომელიც ორმოცი დღე გრძელდება, ქრისტეშობის დღესასწაულისთვის მორწმუნეთა ღირსეულად მოსამზადებლადაა დაწესებული. ცნობები შობის მარხვის შესახებ IV საუკუნიდან გვხვდება, თუმცა მისი დაწესება, უთუოდ, ბევრად უფრო ადრეა სავარაუდო. ძველად შობის მარხვის ხანგრძლივობა სხვადასხვა ეკლესიებში სხვადასხვაგვარი იყო. ერთობა ამ საკითხში შემოიტანა 1166 წელს გამართულმა კონსტანტინოპოლის კრებამ, რომელმაც ძველ წეს-განგებებზე დაყრდნობით დაადგინა, რომ მარხვა ქრისტეშობამდე ორმოცი დღით ადრე დაწყებულიყო.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.