არაბებმა 914 წელს უკანასკნელად დალაშქრეს ამიერკავკასია. ამირა-მუმნის ურიცხვ ლაშქარს სარდლობდა აბულ-კასიმი. სარკინოზებმა მოსრეს „ყოველი სომხითი, სიგნეთი, ვაეძორი, ასფურაგანი“.
სომხეთიდან აბულ-კასიმი „სპითა დიდითა და ურიცხჳთა, რომელთა არა იტევდა ქუეყანა“, საქართველოს შემოესია.
თბილისში ამირად იჯდა ჯაფარ ძე ალისი. მან კეთილად მიიღო მრისხანე თანამემამულე. აბულ-კასიმი აქედან კახეთს გადავიდა და მრავალდღიანი ალყის შემდეგ მოაოხრა უჯარმა. ბოჭორმელებმა თვითონ დატოვეს ციხე და გაიქცნენ.
კახეთის ერისთავმა კვირიკე ქორეპისკოპოსმა დაზავება შესთავაზა აბულ-კასიმს. სარდალმა მიიღო სარფიანი გარიგება და კვლავ ქართლს შეესია. უფლისციხე თავად ქართვლეებმა დაარღვიეს, მტერს რომ არ ჩავარდნოდა ხელში. სარკინოზები სამცხეს და ჯავახეთს მოედვნენ, თმოგვის ციხეზე მიიტანეს იერიში, მაგრამ ვერ აიღეს და, უკან გაბრუნებულებმა, ყველის ციხეს შემოარტყეს ალყა.
იმჟამად ყველისციხის მეპატრონე იყო გურგენ ერისთავთ-ერისთავი. ციხე კარგად იყო გამაგრებული, მაგრამ მეციხოვნენი შიგ ცოტანი იყვენნ. „ბრძოლასა მას ფიცხელსა მჴნე იქმნნეს ციხოანნი იგი და დაჴოცეს მბრძოლთა მათ და დაჰყრიდეს ჴორცთა მათთა, ვითარცა სკორეთა ქუეყანისათა“. მებრძოლთა შორის გამოირჩეოდა ნეტარი გობრონი: „ძალი ბრძოლისა მისისაჲ ყოველსა მას სიმრავლესა ზედა საცნაურ იყო“.
ოცდარვა დღე გაგრძელდა ბრძოლა. ხან სარკინოზებს მიჰქონდათ იერიში ციხეზე, ხან მეციხოვნენი გამოუხდებოდნენ მტერს გობრონის მეთაურობით, რისხვას დაატეხდნენ მას თავს და კვლავ ციხეს უბრუნდებოდნენ.
მტრებმა უკანასკნელი იერიში მიიტანეს ყველისციხეზე, აიღეს იგი და შეიპყრეს ცოცხლად დარჩენილი მეციხოვნენი, მათ შორის გობრონიც. ქართველი მეომრის ვაჟკაცობით გაოცებულმა აბულ-კასიმმა ბრძანა „ნეტარისა გობრონისი უმეტეს ყოველთასა კრძალვით პყრობაჲ“.
ადარნასე მეფე დიდძალი საფასი გადაიხადა და პყრობილთა ნაწილი გამოიხსნა. მათ შორის არ იყო გობრონი, რადგან არაბებმა მის განთავისუფლებაზე უარი განაცხადეს. ქართველმა რაინდმა განჭვრიდა თავისი მომავალი და „განუმზადა თავი თჳსი ქრისტესთჳს სატანჯუელთა“.
სარკინოზებმა დასასჯელად გაიყვანეს გობრონთან ერთად შეპყრობილი ას ოცდაცამეტი მხედარი, „ვითარცა მჴეცნი ბოროტნი განძჳნებულნი შეერინეს აღრეულად და ურთიერთსა უსწრებდეს, რომელნიმე მახჳლითა სცემდეს, რომელნიმე ჰოროლებითა და ისრითა შესჩხუეპდეს და დასჭრიდეს, ჴორცთა მათთა დანებითა განაპებდეს და ღჳძლები იგი მათი, ვითარცა ძაღლთა, პირითა გაეტაცა“.
აბულ-კასიმმა გადაწყვიტა, უძლეველი რაინდი ცთუნებით ეძლია და ნეტარ გობრონს უთხრა: „მეწყალის მე სიკეთე სახელოვან ხარ წინაშე ჩუენსა და აწ ვითარცა შვილსა საყვარელსა გასწავებ შენთა და აღიარე ჭეშმარიტი შჯული ჴელმწიფებისა ჩუენისაჲ“. სამაგიეროდ სარდლობას, სასახლეებს, დარბაზებს და მონებს შეჰპირდა.
წმიდა გობრონმა მშვიდად მიუგო ამირას: „გევედრები, ჴელმწიფეო, ნუ მაიძულებ მე დატევებად ქრისტეანობისა, რომლითა აღმზარდეს მე მშობელთა ჩემთა და აღბეჭდულ ვარ სულითა წმიდითა... ჭეშმარიტად უწყოდე შენ, რამეთუ არცა კეთილთა შენთა აღთქუმითა, არცა ძჳრ-ძჳრთა ბოროტთა შენთა ჩემ ზედა მოწევნითა შემეძლო განყენებად უფლისა ჩემისა იესო ქრისტესა“.
წმიდანის პასუხით განრისხებულმა აბულ-კასიმმა ბრძანა, გარეთ გაეყვანათ გობრონი და ეჩვენებინათ ცალკერძ დახოცილი თანამებრძოლები, ცალკერძ - აღთქმული სიმდიდრენი: „ვინ უწყის, უკუე შიშმან სიკუდილისამან, ანუ შესაძინელმან კეთილისამან მოდრიკოს გული მისი“. უკან მობრუნებულმა გობრონმა ამირას შეკითხვაზე - „რაჲ გამოირჩიე თავისა შენისა?“ - უპასუხა: „მე პირველადვე გითხარ შენ არა მიდრეკად ქრისტეს უფლისა ჩემისაგან“.
ამირამ უარესი განსაცდელი მოუმზადა წმიდანს: „არა იცის მაგან ჭირი სიკუდილისაჲ, წარიყვანეთ ეგე და წარწყმიდენით მაგის წინაშე დარჩომილნი ქრისტეანენი და მცირედ წყალით ეგე და კუალად მოიყვანეთ“.
წმიდანი ცოცხლად გადარჩენილ მოყვასთა შორის დააყენეს და უმოწყალო ხოცვა-ჟლეტა დაიწყეს. დახოცილთა სისხლი ეპკურებოდა გობრონს, გვამები ფეხებთან უგორდებოდა, მაგრამ საშინელებამ ვერ შეაძრწუნა მისი გული. მაშინ ქედი გადაუდრიკეს წმიდანს, ორგზის სცეს მახვილი და მსუბუქად დაჭრეს. გობრონმა სისხლით ჯვარი გამოისახა შუბლზე და თქვა: „გმადლობ შენ, უფალო იესო ქრისტე, რომელმან ღირს მყავ მე, უღირსი ესე და ცოდვილი და უკანაჲსკნელი ყოველთაჲ, ნაწილსა ამას მკჳდრობისასა და მოწამებისასა“.
სარკინოზებმა კვლავ აბულ-კასიმს მიჰგვარეს წმიდა გობრონი. ამირამ უკანასკნელად სცადა წმიდანის მოდრეკა, მაგრამ სისხლმდინარე მოწამემ მტკიცედ მოუგო: „იქმოდე, რაჲცა გნებავს, მე ქრისტიანე ვარ და არასადა უარ ვყო სახელი მისი“. მოთმინებადაკარგულმა აბულ-კასიმმა ბრძანა, თავი წარეკვეთათ წმიდანისთვის და მოკლულებთან დაეგდოთ.
ამირას ბრძანებით სამი დიდი საფლავი გათხარეს, მოწამეთა გვამები შიგ ჩაყარეს, მიწა მიაყარეს და ქრისტიანებს მათთან მიახლოება აუკრძალეს. საფლავებს ღამღამობით ზეციური ნათელი ადგებოდა.
„ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.