წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარი ისავრიაში (მცირე აზია) ეწამნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას. აზა თავდაპირველად მეომარი იყო, მაგრამ შემდეგ დატოვა სამხედრო სამსახური და უდაბნოში გავიდა სამოღვაწეოდ. წმიდა ცხოვრებისათვის უფალმა მას სასწაულთქმედებისა და კურნების ნიჭი მიმადლა. როცა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, ეპარქ აკვილინეს ბრძანებით აზაც დაატუსაღეს. წმიდანმა მის შესაპყრობად გაგზავნილი ასორმოცდაათი მხედარი გზად ქრისტიანობაზე მოაქცია და მისივე ლოცვით სასწაულებრივად აღმოცენებულ წყაროში მონათლა. ახალნათელღებულ მეომრებს სურდათ, გაეთავისუფლებინათ წმიდა აზა, მაგრამ უფლის რჩეულმა აიძულა ისინი, აღესრულებინათ მცნება ხორციელი ხელისუფლების მორჩილების შესახებ და ეპარქთან მიეყვანათ. სამსჯავროზე მხედრებმა ნეტარ აზასთან ერთად მტკიცედ აღიარეს ქრისტიანული სარწმუნოება, რისთვისაც ყველას თავები მოკვეთეს. აკვილინემ მათთან ერთად სიკვდილით დასაჯა საკუთარი ცოლი და ასულიც, რომლებიც ესწრებოდნენ აზას წამებას და, იხილეს რა მისი შეურყევლობა, ქრისტიანობაზე მოექცნენ.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.