წმიდა ამფილოქე - იკონიელი ეპისკოპოსი კაბადოკიის კესარიაში დაიბადა. იგი წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ახლო ნათესავი და ბასილი დიდის მეგობარი იყო. წმიდა ამფილოქე თითქმის ორმოცი წლის მანძილზე ცხოვრობდა უდაბნოში მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით, მაგრამ 372 წელს, როცა იკონიის ეპისკოპოსი გარდაიცვალა, უფლის ანგელოზები საღვთო ხილვით სამჯერ გამოეცხადნენ ნეტარ მამას და მოუწოდეს, იკონიაში წასულიყო სამღვდელმთავრო მოღვაწეობისთვის. წმიდანის წინაშე მესამედ წარმდგარმა ზეციურმა მაცნემ მასთან ერთად იგალობა ანგელოზთა საგალობელი: „წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ“.
წმიდა ამფილოქესთან შვიდი ეპისკოპოსი მივიდა, რომელთაც ასევე გამოცხადებით ეუწყათ, რომ წმინდანი იკონიის ეპისკოპოსად ეკურთხებინათ.
მღვდელმთავარი ამფილოქე მრავალი წლის მანძილზე ბრძნულად განაგებდა იკონიის ეპარქიას. მართლმადიდებლობის ერთგული მოსაგრე მკაცრად ამხელდა არიოზისა და ევნომიუსის მწვალებლურ სწავლებებს, მონაწილეობდა მეორე მსოფლიო კრების (381) მუშაობაშიც და სათავეში ედგა ბრძოლას მაკედონიუსის ერესის წინააღმდეგ.
ამფილოქეს ძალიან გაუჭირდა შეეკავებინა არიანელთა ბილწი მწვალებლობის გავრცელება მთელს საბერძნეთში და იმპერატორ თეოდოსის მიმართა თხოვნით, მეფური ძალაუფლება გამოეყენებინა არიანელთა საკრებულოების დასაშლელად. თვითმპყრობელმა თავი აარიდა მწვალებელთა მოსალოდნელ შფოთს და მღვდელმთავრის სათხოვარი უპასუხოდ დატოვა. რამდენიმე ხანში ამფილოქეს მეფესთან მოუხდა შეხვედრა. მან თეოდოსის თაყვანი სცა და ღირსეული პატივი მიაგო, მაგრამ იქვე მჯდომ მის თანამმართველს - მეფისწულ არკადის ყურადღებაც არ მიაქცია. იმპერატორი ძალიან განარისხა ძის შეურაცხყოფამ და ბრძანა, სასახლიდან გაეძევებინათ წმინდა ამფილოქე. წმიდა მღვდელმთავარმა ასე მიმართა მას: „ჰოი, მეუფეო! ახლა შენ საკუთარი გამოცდილებით დარწმუნდი იმაში, თუ რა ძნელია ძისადმი უპატიო მოპყრობის დათმენა: ბრაზობ ჩემზე. უფალი მით უფრო ვერ მოითმენს თავისი ძის შეურაცხყოფას. ის ზურგს აქცევს და მოიძულებს მის მგმობელებს და სასტიკ სასჯელს უმზადებს არიოზის წყეული ერესის ყველა თანაზიარს“. იმპერატორი მიხვდა, რომ წმიდანის ქცევა იგავურად უნდა გაეგო - გულისხმაყო, რომ ძე ღმერთს მამა ღმერთის თანასწორი პატივი შეშვენოდა, გააოცა მღვდელმთავრის სიბრძნემ და კეთილგონიერებამ, ტახტიდან წამოდგა, ქედი მოუდრიკა წმიდანს და პატიება სთხოვა. ამის შემდეგ თეოდოსიმ მთელს იმპერიაში დაგზავნა განკარგულებები, რომ სამოქალაქო ხელისუფლებას აქტიურად დაეჭირა მხარი მართლმადიდებ-ლებისთვის. ამგვარად, ამფილოქე იკონიელის მეოხებით ქრისტეს ეკლესიაში სიმშვიდემ დაისადგურა. ჩვენამდე შემონახულია მღვდელმთავარ ამფილოქეს ეპისტოლეები და ქადაგებები. 394 წელს წმიდა მწყემსმთავარმა მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.